საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. მისიას მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგები, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის, განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის გათვალისწინებული ფისკალური ჩარჩო.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მისია პოზიტიურად შეფასდება. დელეგაცია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებს. წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს. სწორედ ეკონომიკური რეფორმებია დასახელებული ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მომავალ წლებში”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა კი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა.
„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან. შედგა დისკუსია ბიუჯეტის შესრულებისა და საინვესტიციო პროგრამების მიმდინარეობის გარშემო, ასევე, განვიხილეთ სამომავლო გეგმები განათლების რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით. მისიის ფარგლებში, გვაქვს შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან და ეროვნულ ბანკთან. იმედი გვაქვს, რომ შემფასებელი მისია წარმატებით დაასრულებს “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვას”, – განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

როგორც მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, საქართველოს პროგრამას სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო მიმდინარე წლის ივნისში განიხილავს. ​ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო, ასევე, მისი მომავალი შემცვლელი – სელიმ შეკირი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელის უფლებამოსილებას ოფიციალურად ივნისში შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები