საქართველოს პარლამენტში მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე ფოტოგამოფენით აღინიშნა

„საქართველო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში დაწინაურდა პრესის თავისუფლების ინდექსით 40 საფეხურით და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამაში თქვენი დამსახურება ძალიან დიდია და ამისთვის მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, მოგილოცოთ, გისურვოთ პროფესიული წარმატება, გისურვოთ უდიდესი წინსვლა პრესის თავისუფლების საქმეში და თქვენი წვლილის შეტანა, რაც უკვე წარმატებით გააკეთეთ“, – ასე მიულოცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ჟურნალისტებს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე.
საქართველოს პარლამენტში დღეს  ჩვეულებრივი, რიგითი სამუშაო დღე ფოტოგამოფენით დაიწყო, რომელიც მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ფოტოებზე აღბეჭდილი საპარლამენტო საქმიანობის ყოველდღიურობა, ჟურნალისტები და რესპოდენტები კადრში და კადრს მიღმა. დღეს ყველა თავის თავს ეძებდა, პოულობდა და ყველა ერთად იხსენებდა პარლამენტისა და საპარლამენტო ცხოვრების ისტორიას.
ჟურნალისტებს დღევანდელი დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა, მაგდა ანიკაშვილმა და აღნიშნა, რომ პრესის თავისუფლება არის ყველას პრიორიტეტი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პარლამენტში ჟურნალისტების თავისუფლების ხარისხი იყოს მაღალი.
„პრესის თავისუფლება – ეს არის აბსოლუტური პრიორიტეტი ყველასთვის ამ შენობაში და დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას ძალიან კარგად ხედავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არათუ ოდნავადაც არ შეიზღუდოს ეს თავისუფლება, არამედ, პირიქით, მაქსიმალურად დაგეხმაროთ, რომ თქვენ კომფორტულად გააკეთოთ თქვენი საქმე. თქვენ ხართ მთავარი გმირები ძალიან ხშირად ამ შენობაში. ეს ყველას ძალიან კარგად გვესმის, თქვენ არა მარტო გადასცემთ ინფორმაციას, არამედ ხშირად ხართ ინტერპრეტატორები და ამ ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება პარლამენტს და მინდა, გისურვოთ დიდი პროფესიული განვითარება. თავისუფლების გარეშე ეს განვითარება არ იქნება“, – აღნიშნა მაგდა ანიკაშვილმა.
ცნობისთვის, 1994 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად 3 მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღესასწაულის თარიღად „ვინდჰუკის დეკლარაციის“ მიღების დღე შეირჩა, რომელიც მთელი მსოფლიოს პრესის თავისუფლებასა და დამოუკიდებელობას ეძღვნება. „ვინდჰუკის დეკლარაციაში“ წარმოდგენილია თავისუფალი პრესის პრინციპები, რომლებიც 1991 წლის 3 მაისს ნამიბიაში, ვინდჰუკში დამოუკიდებელი აფრიკული პრესის განვითარების ხელშემწყობი იუნესკოს სემინარის მიმდინარეობისას აფრიკელმა ჟურნალისტებმა მიიღეს.
ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ 3 მაისს აღენიშნა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები