აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა
2019 წლის აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 348,519 შეადგინა, რაც 14,018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე, ზრდა +4.2%. – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში საქართველოში 647,770 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა +4.6% დაფიქსირდა.
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
მათივე ცნობით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით აპრილში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +50.8%, იტალია +45.6%, ესპანეთი +43.8%, საფრანგეთი +43.7%, გერმანია +43.5%, ჩეხეთი +38.2% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +125.7%, ტაილანდი +97.5%, ყაზახეთი +89.1%, თურქმენეთი +52.1%, ჩინეთი +30.6%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +26.3% და სხვა.
2019 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, საქართველოში 2,265,318 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +2.9%.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,230,649 შეადგინა, რაც 56,608-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +4.8%).
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს,ზრდა +5%, რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.