სოსო არჩვაძე: ეკონომიკური ზრდის მზარდმა ტემპმა ექსპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა
ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესის წახალისებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შედეგად საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შედეგებს ექსპერტები ეხმაურებიან.
ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძის განცხადებით, 2019 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ – მთლიანი შიდა პროდუქტის მატებამ – წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6% შეადგინა, რაც, თითქმის, 1.5-ჯერ აღემატება მიმდინარე წლის პირველი ორი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს (4.1%).
მისი თქმით, აღნიშნული ზრდა წელზე გაანგარიშებით ნიშნავს გეგმურთან შედარებით ყოველთვიურად, თითქმის, 45 მლნ ლარით მეტი მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში, დაახლოებით, 10-11 მლნ ლარით მეტის მობილიზების შესაძლებლობას.
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მზარდმა ტემპმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდაზეც, რომელიც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ კვლავ დაადასტურა მზარდი, პოზიტიური ტრენდი და 43.4%-ს მიაღწია, რაც გასული წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს რეკორდული, თითქმის, 10 პუნქტით აღემატება (2018 წ. მარტში – 33.8%). ეკონომიკურ ზრდაში საგრძნობი წვლილი შეაქვს ტურიზმის სექტორს, რომლის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 2019 წლის მარტში 12.4 მლნ დოლარით გაიზარდა და 245 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
„ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტრენდი მიღწეულია იმ ღონისძიებების შედეგად, რაც ბოლო წლებში ტარდება ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესის წახალისებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის “, – აცხადებს სოსო არჩვაძე.