მარნეულში, 22-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე “ნაცმოძრაობის” წევრ ლაშა ქველაძესა და “ქართული ოცნების” წარმომადგენელ გიორგი თაბუკაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი გამოეხმაურა. მისი თქმით, პროვოკაცია, ჩხუბი და აგრესია “ნაცმოძრაობის” ხელწერაა.
“პროვოკაცია, ჩხუბი, აგრესია არ არის ახალი “ნაციონალური მოძრაობისთვის”. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ამ გზით მიდიოდნენ და დღესაც აგრძელებენ ასეთ ქმედებებს. მე როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და ყველა აიღებს პასუხისმგებლობას”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
ცნობისთვის, ლაშა ქველაძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ არანაირი დაპირისპირება ყოფილა. მისივე თქმით, თუ ვინმეს მის მიმართ პრობლემა აქვს, შეუძლია, პოლიციაში მივიდეს.
გიორგი თაბუკაშვილი კი “კვირასთან” საუბარში, მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს და დეტალებს იხსენებს.
“ვიმყოფებოდი მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში. ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვედი თანამშრომელთან ერთად, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობიდან” ვინც არის დროებითი კომისიის წევრი – ლაშა ქველაძე მომიახლოვდა და ჩემ გვერდზე მდგომს უთხრა, გიორგისთან საქმე მაქვსო. მე ვუთხარი, ამ ადამიანთან დასამალი არაფერი მაქვს-მეთქი და ვუთხარი, ეთქვა, რა საქმე ჰქონდა. მან ისევ დაჟინებით მოითხოვა, ცალკე მსურს საუბარიო. თავიდან ძალიან მშვიდად დამიწყო საუბარი, თუმცა შემდეგ აგრესიულ ტონზე გადავიდა. ორი კვირის წინანდელ რაღაც ამბავს მახსენებდა. მე გამიკვირდა და ვუთხარი, ამ ორი კვირის მანძილზე ყოველ დღეს მნახულობ და თუ რამე გეწყინა, აქამდე გეთქვა და ბოდიშს მოგიხდი-მეთქი. ეს იყო და ეს. გამოვერიდე, ნაბიჯი არ მქონდა გადმოდგმული, რომ მომატრიალა და დამარტყა. ფაქტია, უნდოდა პროვოკაციაზე წამოგება, მიწვევდა და რომ არ ავყევი ფიზიკურად გამისწორდა – ხელი დამარტყა, რის გამოც სხვადასხვა დაზიანება მივიღე “, – აცხადებს გიორგი თაბუკაშვილი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე (ძალადობის) მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.