ხულოს მერიაში, PH International-ის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-ის პროგრამის – “ACPI – პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მერის მოვალეობის შემსრულებელი – ნადიმ ვასაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები, აგრეთვე პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
როგორც „კვირას“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს პროექტში ჩართული მხარეების მიერ კამპანიური ხასიათის პროექტის დაგეგმვა წარმოადგენდა.
„აღსანიშნია, რომ უკვე მეოთხე წელია, რაც ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-ის ფილიალი საქართველოში ახორციელებს პროგრამას „ACPI – პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში“. პროგრამის მიზანია არასრულწლოვნებს შორის დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მიდგომის ინიცირება, რაც ახალგაზრდების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით პოლიციისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს“, – აცხადებენ მერიაში.