ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს შეხვდა.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს, რომელიც სრულად უჭერს მხარს მთავრობის რეფორმების გეგმას.
გარდა ამისა, იმსჯელეს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე წელს და საშუალოვადიან პერიოდში, მიმოიხილეს სტრუქტურული რეფორმების დინამიკა.
„ძალიან კარგი დისკუსია გავმართეთ ქართულ დელეგაციასთან, რომელსაც ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდნენ. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აღწევს დიდ პროგრესს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, როგორც ყოველთვის, გააგრძელებს მხარდაჭერას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა, სავალუტო ფონდის პროგრამის ჩათვლით, ძალიან კარგად მიმდინარეობს”, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – კობა გვენეტაძე, ბანკის ვიცეპრეზიდენტი – არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები – გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში – დავით ბაქრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები