ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და IFC-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა მიმოიხილეს რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესის წახალისება, ადამიანური კაპიტალის განვითარება. საუბარი შეეხო ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სექტორში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ჩართულობისა და ლარიზაციის პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„შეხვედრა ქართულ დელეგაციასთან იყო ძალიან წარმატებული. ფინანსთა მინისტრთან განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისა და კაპიტალის ბაზრის განვითარება, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივა. ვფიქრობ, აღნიშნული მიმართულებით, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან კარგი საფუძველი, რადგან საქართველოს ეკონომიკური ზრდა, სწორედ დამოკიდებულია მტკიცე და მყარ ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებზე“, – აღნიშნა IFC-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ინვესტიციებითა და საკონსულტაციო მომსახურებით, საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები