გიორგი ქობულია: ბულგარეთთან, შესაძლოა, ავეჯის საერთო კლასტერი შეიქმნას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ბულგარეთში ვიზიტის პირველი დღე შეაჯამა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა ბულგარეთის ეკონომიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრებთან.
გიორგი ქობულიამ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, თანამშრომლობაზე ტრანსპორტის სფეროში.
„ბულგარეთი არის კარიბჭე ჩვენთვის ევროპაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, გავამყაროთ ჩვენი სატრანსპორტო კორიდორი ბულგარეთთან. ეს ეხება როგორც საბარჟო, ასევე – სხვა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
კიდევ ერთი მიმართულება, რომლის თაობაზეც შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა, საქართველოს ჰქონდეს უფრო ეფექტური ციფრული კავშირი წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რაც, ქობულიას თქმით, საქართველოს ციფრულ ჰაბად ქცევის სტრატეგიაში დაეხმარება.
ქართველმა და ბულგარელმა მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. ხაზი გაესვა პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების აუცილებლობას თბილისსა და სოფიას შორის.
ასევე, საუბარი შეეხო თანამშრომლობას მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის, რომლის დროსაც შეთანხმდნენ არსებული გამოცდილების გაზიარებაზე. აღინიშნა ისიც, რომ საქართველო – ბულგარეთის ბიზნესფორუმი გაიმართება
„ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, ავეჯის წარმოებაში შესაძლო კლასტერის შექმნაა, სადაც ბულგარეთს დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენს ავეჯის მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ მათთან თანამშრომლობით მეტ ეფექტურობას მიაღწიონ და ევროკავშირის ბაზარზე შევიდნენ”, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.