პირს, რომელმაც მესტიაში მოქალაქე მოკლა და მიიმალა, 15 წელი მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული დ.ნ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, 2018 წლის 11 ივლისს, დაბა მესტიაში, სასტუმრო „სვანეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძარცვისთვის ნასამართლევმა დ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, განზრახ მოკვლის მიზნით, ლ.ფ.-ს გულმკერდის არეში დანით 3 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ლ.ფ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დ.ნ. 2018 წლის 25 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობა) და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 15 წლით აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები