ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ზაალ ლატარიას, ზურაბ სოლომნიშვილს, თემურ ირემაძესა და ანტონ ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
სამართალდამცველებმა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო აქვთ შეფარდებული, 4 პირს კი – პატიმრობა. ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს მასობრივად ავრცელებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები