შსს-მ, ძარცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ნ. ძარცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გვიან ღამით, თბილისში, ვაკეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ქუჩაში შემხვედრ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა თ.ნ, მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო “ბერეტას” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით და 7 ვაზნა, ასევე – იარაღის მაყუჩი და დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება ძარცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით.
აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 8-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.