ხატია მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უნდა მოხდეს ჟენევის ფორმატის განახლება

„საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებელია, მოხდეს ჟენევის ფორმატის განახლება და არ აქვს ალტერნატივა იმ ფაქტს, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური დიალოგის წარმოება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხდა. “საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და კონფლიქტებთან მიმართებით, მოხდეს ყველა არსებული ფორმატის მაქსიმალურად გამოყენება; ასევე, ყველა ტრიბუნის, სადაც კი საქართველოს ხმა გაჟღერდება, გამოყენება იმისთვის, რომ საუბარი მუდმივად იყოს ამ თემაზე, რათა მუდმივად მოვუწოდოთ იმ ვალდებულებების შესრულებისკენ, რომელიც რუსეთს აქვს აღებული სხვადახვა ხელშეკრულების მიხედვით. რაც შეეხება ჟენევის ფორმატს – ამასთან დაკავშირებითაც არის მკაფიო პოზიცია. ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა. ის უალტერნატივოა, დღესდღეობით; თუმცა, ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მასზე მუშაობა. ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებელია, მოხდეს ამ ფორმატის განახლება და არ აქვს ალტერნატივა იმ ფაქტს, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური დიალოგის წარმოება. თუ ეს მოხდება ჟენევის ფორმატში, რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი; თუ არა და, უნდა მოიძებნოს სხვა გზები, რომლითაც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა”, – განაცხადა პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები