მამუკა მდინარაძე: თუ ვინმეს არ ამოძრავებს სუბიექტური ინტერესები, შეუძლებელია, ჩვენს კანონპროექტზე შენიშვნა გამოთქვას

თუ ვინმეს არ ამოძრავებს სუბიექტური ინტერესები, შეუძლებელია, ან იურიდიული ან პოლიტიკური არგუმენტებით ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნა გამოთქვას,- ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც მდინარაძე განმარტავს, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით უმრავლესობის მეირვე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გუნდი ერთსულოვანია და კენჭისყრაზე ასეთივე ერთსულოვან მხარდაჭერას მიიღებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ არაერთი შეხვედრა ჩატარდა, კოლოსალური დრო და ენერგია დაიხარჯა, რათა ერთი მხრივ სრულყოფილი კრიტერიუმების შემუშავება მომხდარიყო, მეორე მხრივ კი, გუნდის წევრებს კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვები არ დარჩენოდათ.

„უმრავლესობა უკვე ერთხმად თანხმდება პრინციპებზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე, შერჩევის კრიტერიუმები უნდა იყოს გამჭვირვალე და სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს სწორი“, – გააცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა შეეძლება ყველა კვალიფიციურ იურისტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. მას შემდეგ კი, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები