ილია მეორე:ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ

“საქართველოს ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო. ეკლესიის მოღვაწეობა რომ არ ყოფილიყო, დღეს ვინ ვიქნებოდით ჩვენ, არ ვიცით”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა მართლმადიდებლობის არსზე იქადაგა.
„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი – მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება ღვთისა და ჩვენ ვადიდებთ უფალს და თაყვანს ვცემთ მას. ეს დღესასწაული მას შემდეგ დაარსდა, რაც საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა. ჩვენ შევთხოვთ, რომ უფალმა გაუხსნას გონება და გული, რათა ისმნან ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაარჩენს ქვეყანას და კაცობრიობას. ჩვენთვის მართლმადიდებლობის ზეიმი მეტად მნიშვნელოვანია. მსოფლიო პატრიარქის დიმიტრიოსის დროს, გვქონდა არაერთი შეხვედრა, კამათი და მსჯელობა იმისათვის, რომ ეცნოთ ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიის და ჩვენ ვლოცულობთ დიმიტრიოსის სულისთვის. მან პირდაპირ უბრძანა თავის წარმომადგენლებს, რომ უნდა ვსცნოთ საქართველოს ავტოკეფალია. იყო ასეთი კანონოსტი, კანონების მცოდნე ადამიანი მეთერთმეტე საუკუნეში ბალსამონი. საეკლესიო კანონებს ხსნიდა.
ეს ბალსამონი ამბობს: ამბობენ, რომ კვიპროსის და საქართველოს ეკლესიამ ანტიოქიის კრების დადგენილებით მიიღეს ავტოკეფალია. იყო მსჯელობა, როდის მიიღეს. – ნეტარი პეტრეს დროს. ჩვენთანაც პეტრე იყო პირველი კათალიკოსი. ანტიოქიაშიც პეტრე იყო. იყო მსჯელობა, რომელი პეტრეა ეს – მეთერთმეტე თუ მეხუთე საუკუნის. მე ვუთხარი, ბალსამონი რომ ამბობს – ამბობენო, ეს იმას ნიშნავს რომ შორეულ წარსულში მიიღო საქართველომ ავტოკეფალია. იყო ასევე საუბარი რომ მსოფლიო საპატრიარქო მოგანიჭებთ ავტოკეფალიასო.
მე ვუთხარი, რომ ავტოკეფალია მეხუთეში მივიღეთ და თქვენ კი არ უნდა მოგვანიჭოთ, არამედ უნდა სცნოთ. სიგელში ჩაწერილია, რომ უძველესი დროიდან საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია. ამ დღეს იყო გადმოცემული ეს სიგელები ავტოკეფალიისა და პატრიარქობის. ეს ორი სიგელი ინახება საპატრიარქოში.
მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავტოკეფალია, იმიტომ, რომ მთელი კულტურა, ისტორია და ლიტერატურა ყველაფერი დაფუძნებულია ეკლესიის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია. საქართველოს ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო. ეკლესიის მოღვაწეობა რომ არ ყოფილიყო, დღეს ვინ ვიქნებოდით ჩვენ, არ ვიცით. დალოცვილი და გახარებული იყავით“, – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები