სამადაშვილი ზალკალიანს: თქვენი სტრატეგია ბავშვისას ჰგავს, რომელიც ურჩხულს ხედავს და თვალებს ხუჭავს, რადგან არ იცის, როგორ გაუმკლავდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს პარლამენტში გამოსვლისას სიტყვით მიმართა. მისი შეფასებით, მინისტრმა რუსეთზე ლაპარაკს ცოტა დრო დაუთმო, რაც ბავშვურ საქციელს ჰგავს, როდესაც ურჩხულს ხედავს და თვალებს ხუჭავს.
დეპუტატმა მინისტრს კითხვითაც მიმართა და დაინტერესდა, არის თუ არა იმის დრო, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, საუბარი დაიწყოს რუსეთთან სანქციების რეჟიმის დაწესებაზე.
„ჩემი გაოცება განსაკუთრებით იმან გამოიწვია, რაოდენ ცოტა დრო დაუთმეთ რუსეთზე საუბარს. მე ეს მაგონებს ბავშვის სტრატეგიას, რომელიც ურჩხულს ხედავს და თვალებს ხუჭავს, რადგან არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. გისმენდით და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტათი უცნაური იყო, რადგან ქვეყნისთვის, რომლის საგარეო პოლიტიკაც ჩიხში არის შესული, სურვილებს, რომლებიც დღეს მოვისმინეთ, მე, პირადად, სტრატეგიად ნამდვილად ვერ ჩავთვლიდი.
მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს თქვენი სტრატეგია, რუსეთი რჩება ჩვენი სახელმწიფოს მთავარ გამოწვევად, მათ შორის გლობალურად.
​მე მაინტერესებს, თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, მიგაჩნიათ, თუ არა დღეს, როდესაც უკვე მერამდენედ, ჩვენი მოქალაქე ხდება მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის, არის თუ არა დრო, საქართველომ დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ როდესაც საუბარია რუსეთთან სანქციების რეჟიმის დაკისრებაზე, ეს სანქციების რეჟიმი უნდა დაუკავშირდეს სწორედ შეუსრულებელ ვალდებულებებს, რომელიც რუსეთმა აიღო საკუთარ თავზე 2008 წელს. თქვენ, შეგიძლიათ, ძალიან ბევრი ისაუბროთ წარმატებაზე, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მეგობრის მიერ დაწერილი რეზოლუციაც კი, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, არ საუბრობს სანქციებზე, რადგან ამაზე არ საუბრობს საქართველოს ხელისუფლება. სანამ არ ისაუბრებს ამაზე საქართველოს ხელისუფლება, ამას არავინ სხვა არ გააკეთებს. მაინტერესებს პასუხი ამაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მან მინისტრს შეკითხვა დაუსვა, როგორ ფიქრობს, უნდა შეწყდეს თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები