სამხედრო ფორმებზე აქსესუარები იცვლება, ახალი ნიშნები კი სერჟანტებმა საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ

გიორგი თავდგირიძე: როდესაც  ვსაუბრობთ ნატოს სტანდარტებზე,
ასეთი პატარა ნიუანსები არ უნდა იპარებოდეს. 

თავდაცვის სამინისტრომ ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმებზე აქსესუარები, სამკერდე ნიშნები და სამხრეები იცვლება, ასევე ზომაში იზრდება ვარსკვლავები. ერთი შეხედვით, ცვლილებაში უცნაური არაფერია, რომ არა ერთი ფაქტი – ამ ახალი განმასხვავებელი ნიშნების, იგივე ინსიგნიების შეცვლის საფასურს თავად სამხედრო მოსამსახურეები იხდიან.
ამ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ სერჟანტებზეა. ისინი ვალდებულნი არიან, თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორ სამკერვალოს მიაკითხონ და ახალი აქსესუარები თავად დაუკვეთონ. საუბარია განმასხვავებელი ნიშნების როგორც ყოველდღიურ, ისე სააღლუმე ფორმების შეცვლაზე. მოქმედი წესის თანახმად, სხვა წოდებების მქონე სამხედრო მოსამსახურეების ფორმებზე აქსესუარების შეცვლას თავდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან უზრუნველყოფს.
1373960449_994503_611985535500859_1085606464_nსამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს 5 ათასამდე სერჟანტია, ეს არც ისე დიდი ციფრია, თუმცა, საერთო ჯამში, ინსიგნიების შეცვლით სოლიდური თანხა გროვდება. ექსპერტს უკვირს, რატომ ავალდებულებს სამინისტრო თანხების ჯიბიდან გადახდას სერჟანტებს, თუკი ეს ცვლილება თავად შემოიტანა?
ამ საკითხის გასარკვევად „კვირამ“ თავდაცვის სამინისტროს მიმართა. უწყებიდან გამოგზავნილ წერილში განმარტებულია წესები, თუ რა შემთხვევაში აფინანსებს სამინისტრო ბიუჯეტიდან აქსესუარების შეცვლას და რა შემთხვევაში იხდიან ამის საფასურს სამხედროები საკუთარი ჯიბიდან.
ოფიციალურ წერილში ნათქვამია:
„საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის ბრძანების N71 თანახმად, ინსიგნიები (განმასხვავებელი ნიშნები) თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით მზადდება და გაიცემა ფორმასთან ერთად, რომელსაც აქვს დადგენილი მოხმარების ვადა. ინსიგნიების შეძენა საკუთარი თანხებით ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მისი დაზიანება, მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება ან სამხედრო მოსამსახურეს სურს ჰქონდეს სათადარიგო ინსიგნიები და ა.შ. რაც შეეხება განმასხვავებელი ნიშნების შეცვლას, თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის N31 ბრძანებით, დამტკიცდა ახალი ინსიგნიები, სადაც ოფიცერთა განმასხვავებელი ნიშნები პრინციპულად არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ სერჟანტთა ინსიგნიები. ასეთ შემთხვევაში, კადრის სამხედრო მოსამსახურეები, ვალდებულები არიან საკუთარი ხარჯებით მოიყვანონ საკუთარი ფორმა ბრძანებასთან შესაბამისობაში. რაც შეეხება, სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, შესაბამისი განაცხადების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტრო ახალი ინსიგნიებით ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველყოფს.“
maxresdefaultსამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე “კვირასთან“ თავდაცვის მინისტრის ამ ბრძანებას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ ფორმასთან დაკავშირებული ყველა ცვლილება, მათ შორის სახელმწიფო წოდების მომატებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა გამონაკლისისა ( თუ სამხედრო მოსამსახურეს ამის სურვილი აქვს, ან ფორმის დაზიანების შემთხვევაში), თავდაცვის სამინისტრომ უნდა დაფაროს.
„თუ სამინისტრო სამხედრო აქსესუარებს ცვლის, მაშინ თავად უნდა გაიღოს ყველა ხარჯი, რაც ამ ცვლილებებს მოჰყვება. თუ მინისტრის ბრძანებით, განმასხვავებელ ნიშნებთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ სერჟანტებს ეხებათ – ასეთ შემთხვევაში, დაახლოებით ოთხიდან ხუთი ათასამდე სერჟანტს მოუწევს საკუთარი ხარჯებით შესაბამისი ინსიგნიების შეძენა. თავდაცვის უწყება უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის ფონზე იგონებს ახალ ღონისძიებებს, როგორც ჩანს, არც იმის კულტურა აქვთ, რომ მომავალ საბიუჯეტო წელს დაელოდონ. თავდაცვის პოლიტიკის ეფექტიანობის საზომი ზუსტი და ხარისხიანი დაგეგმარების უნარია. ჩვენ კი ერთწლიან გეგმებსაც ვერ ვადგენთ ისე, რომ ცვლილებები არ შევიტანოთ. მაშინ როდესაც ვსაუბრობთ ნატოს სტანდარტებზე, ასეთი პატარა ნიუანსები არ უნდა იპარებოდეს“, – აცხადებს თავდგირიძე.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი წესის თანახმად, ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც მორიგი წოდება მიენიჭება, ასევე ვალდებულია სამხედრო აქსესუარები საკუთარი ხარჯებით შეცვალოს.
სამხედრო ექსპერტისთვის ეს თემაც „გაუგებარია“. თუკი სამხედრო მოსამსახურეს წოდება ემატება, რატომ უნდა გადაიხადოს მან ახალი აქსესუარების შესაძენად თანხა საკუთარი ჯიბიდან?
download„მიმაჩნია, რომ ფორმასთან დაკავშირებით ყველა ცვლილება უნდა დააფინანსოს თავდაცვის სამინისტრომ, გარდა ორი შემთხვევისა: თუკი სამხედრო მოსამსახურეს საკუთარი ნებით სურს სათადარიგო ფორმის და მისი ინსიგნიების შეძენა, ან თუკი ის დააზიანა… ამავდროულად, წესით, უნდა არსებობდეს მაღაზია (მაღაზიები), სადაც ისინი ფორმას და აღჭურვილობს შეიძენენ…“, – აღნიშნავს ესქპერტი.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის N31 ბრძანების შესახებ არაფერი იციან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. დავით დარჩიაშვილმა ბრძანების შესახებ „კვირასგან“ შეიტყო:
“წარმოდგენა არ მაქვს ამ ბრძანებაზე, რა ცვლილებებზეა საუბარი, როგორც ჩანს, მინისტრმა დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუ ამ ცვლილების მიზანი ფულის კეთებაა – ესეც ადვილად გამოაშკარავდება“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დარჩიაშვილმა.
ფაქტი, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ახალი ბრძანების შესახებ არაფერი იციან, გაუმართლებლად მიაჩნია გიორგი თავდგირიძეს:
„აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული, რადგან სხვა შემთხვევაში ბიუჯეტის სახსრებს ვერ დახარჯავენ. ზუსტად ეს არის პრობლემა, შეიარაღებულ ძალებზე კონტროლის მთავარი მექანიზმი ბიუჯეტია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არ არის სწორი, როდესაც თავდაცვა უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის დროს იგონებს ახალ ღონისძიებებს“, – აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა „კვირასთან“.
10396483_10203199643864871_770685092_nთავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი სამკერვალო, თბილისში, პასტელის ქუჩაზე მდებარეობს. ახალი განმასხვავებელი ნიშნების დამზადება მათ დაახლოებით 3 კვირის წინ დაიწყეს. „კვირა“ სამკერვალოს ერთ-ერთ თანამშრომელს, ლია მერკვილაძეს გაესაუბრა:
“უკვე 10 წელია თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულება გავაფორმეთ. დაახლოებით სამი კვირაა, რაც ბრძანება მივიღეთ და, შესაბამისად, ახალი სამხედრო აქსესუარების ქარგვა დავიწყეთ. ვარსკვლავებს, გერბებს, სამხრეებს, სამხედრო წოდებების მიხედვით – როგორც რიგითი ჯარისკაცებისთვის, ისე კაპრალებისთვის, ვქარგავთ.
ჯარისკაცების გვარების წარწერა 2 ლარი ღირს, გერბი – 5 ლარი, სამხრეებზე ე.წ ფხრიწის მიკერება – ლარი, უმცროსი ლეიტენანტის ვარსკვლავი – 5 ლარი, ლეიტენანტის – 7 ლარი, უფროსი ლეიტენანტის – 8 ლარი და გენერლის – 20 ლარი. ეს დღეები ინტენსიურად ვმუშაობთ შეკვეთებზე“, – აცხადებს “კვირასთან“ ლია მერკვილაძე.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს ბრძანებაში არ არის განმარტებული მიზეზი, თუ რატომ გახდა აუცილებელი განმასხვავებელი სამხედრო ნიშნების შეცვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები