საქართველოს იუსტიციის მინისტრი და დიდი ბრიტანეთის ელჩი ტყვიავში ინგლისური ენის კლუბის მოსწავლეებს და მათ მშობლებს ხვდებიან

პროგრამის “ინგლისური ენა თემისთვის” ფარგლებში მიმდინარე აქტივობებს 21 თებერვალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ემატება. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი სოფელ ტყვიავში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრში მოქმედი ინგლისური ენის კლუბის აქტივობას დაესწრებიან და მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შეხვდებიან.
როგორც “კვირას” ბრიტანეთის საბჭოდან აცნობეს, პროგრამა „ინგლისური ენა თემისთვის“ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის პარტნიორები დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატია. პროექტის მხარდამჭერი ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციაა.
პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს შეიძინონ დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. იგი ასევე გულისხმობს ახალგაზრდებში აამაღლოს შემწყნარებლობის, გენდერული თანასწორობის და დიალოგის გზით სადავო საკითხების მოგვარების მისწრაფება. პროგრამა ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში.
„ინგლისური ენა თემისთვის“ სამი კომპონენტისგან შედგება. პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ინგლისური ენის კლუბები, რომლებიც 2018 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს ტყვიავისა და ორსანტიის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებში. გარდა კლუბებისა პროგრამის კომპონენტებია: პედაგოგების “ცვლილებების გამტარებლებად’’ გადამზადება და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტის მიერ მასტერ ტრენერების მომზადება.
ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებში მოქმედი ინგლისური ენის კლუბები აღჭურვილია ინგლისური ენის სწავლა-სწავლებისთვის აუცილებელი მრავალფეროვანი რესურსებით და ტექნიკით, ტარდება კლუბური მეცადინეობები, ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. კლუბებით სარგებლობა ასევე შეუძლიათ მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებსა და ინგლისური ენის მასწავლებლებს.
ცნობისათვის, ბრიტანეთის საბჭო დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციაა. მისი საქმიანობის არეალი ხელოვნებისა და კულტურის, ინგლისური ენის სწავლების, განათლებისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მოიცავს. გასულ წელს საბჭოს პირისპირ კავშირი ჰქონდა 65 მილიონზე მეტ ადამიანთან, ხოლო მისმა აუდიტორიამ ონლაინ, ტელე და რადიო მაუწყებლობით თუ პუბლიკაციებით 731 მილიონს მიაღწია. ბრიტანეთის საბჭო ცდილობთ წვლილი შევიტანოთ იმ ქვეყნების განვითარებაში, რომლებთანაც თანამშრომლობს, რათა სხვადასხვა შესაძლებლობების შეთავაზების, კავშირების დამყარების და ნდობის განმტკიცების გზით ხელი შეუწყოს პოზიტიურ ცვლილებებს ადამიანების ცხოვრებაში.
​ბრიტანეთის საბჭო 1934 წელს შეიქმნა, როგორც ბრიტანული საქველმოქმედო საჯარო ორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს სამეფო ქარტიით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები