რობერტ სტურუა: კულტურული ცენტრის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი ცხადდება

რეჟისორი რობერტ სტურუა ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, კულტურული ცენტრის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი ცხადდება.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტს ინგლისელი დიზაინერების ჯგუფი ხელმძღვანელობს.
„ყველას! ყველას! ყველამ წაიკითხოს! თორემ წაგშლით!
რუსთაველის თეატრის გახსნისთანავე, მე-20 საუკუნის დასაწყიში, იქ, სადაც, ძვირფასო მაყურებელო, ამჟამად, ზამთარში თბილ ქურქს (არ შეგეშინდეთ!) ან პალტოს აბარებთ, ცნობილი რესტორანი იყო (ნუ აღშფოთდებით – მე მგონი, დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ…)
„ქ ი მ ე რ ი ო ნ ი” – ასე ერქვა ამ რესტორანს. არაჩვეულებრივი მხატვრების ფრესკებით მორთული (მ. თოიძე, დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ს. სუდეიკინი.) თბილისის ბოჰემის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველომ დიდი ხნის შემდეგ, თავისუფლების გემო იგრძნო. კამერული კონცერტები, პოეტების საღამოები, პოლიტიკური კაბარე – რას არ ნახავდი და მოისმენდი აქ.
და აი, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობთ, მგონი ფრთებს ისხამს, (თუ გამწარებულმა პოლიტიკოსებმა და ხელოვნების „მცოდნეებმა” ხელი არ შეგვიშალეს.) გვინდა, დავაბრუნოთ ეს ძვირფასი ტრადიცია და არტისტულ კაფესთან ერთად, თავისებური კულტურული ცენტრი შევქმნათ. ახალგაზრდა მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები თავის ნაწარმოებებს მაყურებელს გააცნობენ – გამოფენები, კონცერტები, დისკუსიები და ა.შ.
აგრეთვე, გვინდა, ქართველი ბავშვები ხელოვნებას ვაზიაროთ. (ყველას ახსოვს, ჯანო კახიძე რომ უტარებდა პატარებს მუსიკის გაკვეთილებს). ახლა რა გვინდა თქვენგან “ფეისმეგობრებო” – წაიკითხეთ და სხვას გადაეცით!!!!
ცხადდება კონკურსი ამ მომავალი ცენტრის დიზაინის ჩანაფიქრზე – ლოგოტიპი, შრიფტი, ინტერიერი – საერთოდ ყველაფერზე, რაც ვიზუალურ მხარეს ეხება და რაც 116 წლის, მსოფლიოში სახელმოხვეჭილ რუსთაველის პ რ ო ფ ე ს ი უ ლ (კულტურის სამინისტრომ ეს ტერმინი (პროფესიული) ღმერთმა იცის, რომელ ტვინის უჯრებში ამოქექა – წარმოგიდგენიათ „საფრანგეთის პროფესიული თეატრი კომედი ფრანსეზ”?! როგორია??) თეატრს ეკადრება.
ასევე, მინდა, გაგანდოთ, რომ ინგლისელი დიზაინერების ჯგუფი (ჭკუას კარგავენ საქართველოზე და თანაც ძალზე სახელმოხვეჭილები არიან!) ხელმძღვანელობს ამ პროექტს (ო, როგორ შემაძულეს ეს სიტყვა – რეჟისორები ხომ უკვე სპექტაკლებს არ ვდგამთ, არა – პროექტებს ვახორციელებთ!)
კონკურსი საერთაშორისო გახლავთ. ჟიურიც გვეყოლება, ალბათ, უფრო ობიექტური, ვიდრე ბოღმისგან გასიებული სამი მუშკეტერი.
​მუდამ თქვენი, ჯერ კიდევ, რობერტი”, – წერს სტურუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები