ნატა ფერაძე: საკანონმდებლო დონეზე “მწვანე ხაზების” შემოღება არის ძალიან კარგი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ახალ ინიციატივას, “მწვანე ხაზები” რომლის მიხედვითაც, საქართველოს მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული, “პარტიზანი მებაღეების” ხელმძღვანელი ნატა ფერაძე დადებითად აფასებს და წინადადებას საინტერესოს უწოდებს.
როგორც ნატა ფერაძემ “კვირას” განუცხადა, ასევე მისასალმებელია ის, რომ ეკოლოგიური მიმართულების საკითხი დღის წესრიგში დგას.
“ძალიან საინტერესო და მისაღები ინიციატივაა, ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეიძლება, ნიუანსები არ ვიცი და სიამოვნებით გავეცნობოდი დეტალებს, საკანონმდებლო დონეზე “მწვანე ხაზების” შემოღება არის ძალიან კარგი. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით არის ინიციატივის დონეზე ამიტომ ჩვენთვისაც, დაინტერესებული პირებისთვის, მოსახლეობისთვის საინტერესო იქნებოდა პროცესისთვის თვალი-ყურის დევნება, რათა კანონმდებლობაში არ წარმოიშვას ისეთი ხარვეზები, რომლებიც შემდგომში მიუღებელი იქნება და პრობლემებს შექმნის. ზოგადად კი ძალიან გვახარებს ის გარემოება, რომ “მწვანე” თემები კვლავ რჩება აქტუალურად ამაზე ზრუნავენ”, – განაცხადა ნატა ფერაძემ.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც მალე „მწვანე ხაზების” სახელწოდებით გახდება ცნობილი. აღნიშნული ინიციატივა კანონპრექტის ავტორებმა – პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯომარემ, კახა კუჭავამ და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს და საზოგადოებას დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნეს.
„ტერმინი „მწვანე ხაზები” ძალიან მალე გახდება პოპულარული და დაიმკვიდრებს სახელს საკანონმდებლო სივრცეში”,- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.
მისი თქმით, ახალი ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული.
„კოორდინატები პირდაპირ იქნება მითითებული კანონში. ეს იქნება დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც საზღვრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან. ეს არის ასეთი ტერიტორიების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხი”, – განმარტა კახა კუჭავამ.
კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე იმუშავებს. მისივე თქმით, ნებისმიერ მუნიციპალიტეტს, საკრებულოს საშუალება ექნება მიმართოს სამუშაო ჯგუფს, რომელიც ასეთი ტერიტორიების გაზრდის, დამატების თუ დემარკაციის საკითხებს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები