„ნუ გამოვიყვანთ ბავშვებს სასეირნოდ ტრასებთან ახლოს“-პედიატრი მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და მშობლებს მიმართავს

ეკოლოგიიის გაუმჯობესებაზე ფიქრი უნდა იყოს ნომერ პირველი საზრუნავი მათთვის, ვისაც ეს ხელეწიფება. სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო, თორემ მივიღებთ ძალიან უარყოფით შედეგებს, – ამის შესახებ ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში წერს.
როგორც ინგა მამუჩიშვილი აღნიშნავს, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება და ნეგატიურ ტენდენციებს იღებს და ამის ერთ-ერთ მიზეზს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა წარმოადგენს.
“მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან (დიდი სისწრაფით) უარესდება და ღებულობს ნეგატიურ ტენდენციებს, შემცირდა შობადობა, მოიმატა ინვალიდ ბავშვთა რიცხვმა, ჯანმრთელ ბაშვთა წილი თანდათან კლებულობს, იმატა ქრონიკულმა და იშვიათმა დაავადებებმა, ამის ერთ-ერთ მიზეზს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა წარმოადგნს, რაც დღევანდელობის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. იზრდება ატმოსფეროში მძიმე მეტალების რაოდენობა. მხოლოდ ავტომანქანების გამონაბოლქვი 200-მდე კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან განსაკუთრებული ტოქსიკურობით ნახშირბადის ოქსიდი, აზოტის ოქსიდი ზოგიერთი ნახშირწყალბადი და ტყვია გმოირჩევა. ამ მავნე ნივთიერებათა უმნიშვნელო რაოდენობაც კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ტყვიასთან ერთად, პირველი კლასის საშიშ მეტალებს წარმოადგენს კადმიუმის, ნიკელისა და ვერცხლისწყლის მძიმე მეტალების დაგროვება ორგანიზმში თანდთანობით იწვევს სხვადასხვა მძიმე დაავადების განვითარებას. გლობალური ეკოლოგიური ტენდენციები აშკარად შემაშფოთებელია, ამაში დღეს არცერთ საღად მოაზროვნე ადამიანს ეჭვი არ ეპარება… ბიოსფეროს არასასურველი პროცესების თავიდან აცილების გზები შეზღუდულია, თუმცა პოტენციური შესაძლებლობები, საბედნიეროდ, არსებობს. სხვა საქმეა, თუ როგორ და რამდენად მოკლე დროში გამოვიყენებთ მათ. აშშ-ში შექმნილია კომისია, რომელიც ბიოსფეროს დეგრადირების საკითხებს სწავლობს. მათი დასკვნით, ამის ერთ-ერთი მიზეზი მასობრივი სიღატაკეა, რომელიც საზოგადოებრივ პროგრესს ამუხრუჭებს და გარემოში უარყოფით ცვლილებებს უწყობს ხელს. “სიღატაკე აიძულებს ხალხს, დღეს გამოიყენოს ის, რაც ხვალისთვის იყო გათვალისწინებული”, ჩეხოს ტყეები, სხვა საწვავის უქონლობის გამო,ზეინტენსიური ექსპლუატაციით გამოფიტოს მიწები, გააუდაბნოოს საძოვრები.. დღეს, ეკოლოგიიის გაუმჯობესებაზე ფიქრი უნდა იყოს ნომერ პირველი საზრუნავი მათთვის, ვისაც ეს ხელეწიფება. სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო, თორემ მივიღებთ ძალიან უარყოფით შედეგებს. ხშირად მიწევს კითხვაზე პასუხი – რა ვქნათ, როგორ ავარიდოთ ბავშვები ამ გამონაბოლქვს და მძიმე მეტალებს – კითხვა ძალიან დამაფიქრებელია, რადგან ეს ჩვენი ყოველდღიურობაა… მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან ამდენ ადამიანს უჭირს ირგვლივ, ბავშვების გამოკვებას ძლივს ახერხებენ, გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან ბავშვების დაცვა კი მაინც ფინანსებს უკავშირდება, რადგან საჭიროა, ხშირად გამოვუცვალოთ ჰაერი, შევუძინოთ ძვირადღირებული, ეკოლოგიურად სუფთა საკვები და სათამაშოები, ასევე ჭურჭელი (მომინანქრებული ჭურჭელი დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს), მოვარიდოთ ფასთფუდებს, ვაჭამოთ ბევრი ხილი და ბოსტნეული (ქართული, ეკოლოგიურად შედარებით სუფთა, რომელიც აგრეთვე, ძნელი შესარჩევია), ასეირნოთ თბილისში რეკრეაციულ ზონებში (რომლებიც თითქმის არ გვაქვს). ნუ გამოვიყვანთ სასეირნოდ ტრასებთან ახლოს, განსაკუთრებით, პიკის საათებში, დავტვირთოთ სპორტით, გავუკაჟოთ იმუნიტეტი. როდესაც სახლის მშენებლობას და რემონტს შევუდგებით, შევარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ნუ მოწევთ სიგარეტს ბვშვების თანდასწრებით და თუ საერთოდ დაანებებთ მოწევას თავს, კიდევ უფრო უკეთესი. დადგენილია, რომ სიგარეტი, საშუალოდ, 13 მკგ ტყვიას შეიცავს, აქედან 1,5 მკგ თამბაქოს კვამლში ხვდება, რომლის 1/3 სისხლში გადადის. თამბაქოს ნათესებს ამუშავებენ ტყვიის და არსენიტის შემცველი პესტიციდებით, თამბაქო თითქმის 100%-ით ითვისებს ორივეს. აუცილებელია ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა, ხელ-პირის ხშირი დაბანა. შეეცადეთ ხელები პირში არ ჩაიდოს ბავშვმა, თუ მშენებლობაზე მუშაობთ ან რაიმე მავნე ნივთიერებებთან გაქვთ საქმე, ქუჩიდან შემოსულები პირდაპრ არ მიხვიდეთ ბავშვთან მოსაფერებლად ძალიან ძნელია, ძალიან! ამ საკითხის გადაწყვეტაში ხელისუფლების მონდომება და აქტიური ჩართულობაა საჭირო, თორემ მივდივართ თანდათან სავალალო შედეგებამდე! თუმცა სანამ ხელისუფლება ამაზე ზრუნვას დაიწყებს, მინდა ყველას თხოვნით მოგმართოთ, სადაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია, მივხედოთ ამ საქმეს, ნუ შევწირავთ ბიზნესინტერესებს ადამიანთა სიცოცხლეს!”, -წერს ინგა მამუჩიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები