ლაშა მესხი: გარემოს დაცვის კომიტეტის ინიციატივის მიხედვით, პარკები და სარეკრეაციო ზონები უფრო მეტად დაცული ხდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ახალ ინიციატივას, რომელიც „მწვანე ხაზების” სახელწოდებით გახდება ცნობილი და რომლის საშუალებითაც საქართველოს მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული, სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა მესხი მიესალმება.
შესაბამისი შინაარსის სტატუსს ის “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს.
“პარკები და სარეკრეაციო ზონები უფრო მეტად დაცული ხდება!!!
ახალი ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული.
კოორდინატები პირდაპირ იქნება მითითებული კანონში. ეს იქნება დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც საზღვრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან”, – წერს ლაშა მესხი.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც მალე „მწვანე ხაზების” სახელწოდებით გახდება ცნობილი. აღნიშნული ინიციატივა კანონპროექტის ავტორებმა – პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს და საზოგადოებას დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნეს.
„ტერმინი „მწვანე ხაზები” ძალიან მალე გახდება პოპულარული და დაიმკვიდრებს სახელს საკანონმდებლო სივრცეში”,- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ახალი ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული.
„კოორდინატები პირდაპირ იქნება მითითებული კანონში. ეს იქნება დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც საზღვრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან. ეს არის ასეთი ტერიტორიების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხი”, – განმარტა კახა კუჭავამ.
კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე იმუშავებს. მისივე თქმით, ნებისმიერ მუნიციპალიტეტს, საკრებულოს საშუალება ექნება მიმართოს სამუშაო ჯგუფს, რომელიც ასეთი ტერიტორიების გაზრდის, დამატების თუ დემარკაციის საკითხებს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები