თინა ხიდაშელი: ჩვენგან განსხვავებით, იზორიას მინისტრობისას, ყველა ჩახსნეს, ვისაც უკეთესი პირობები ჰქონდა და “ნიუ ატლასს” გაამარჯვებინეს

თინა ხიდაშელი ე.წ ,,ბათინკების” თემას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინსიტრომ უხარისხო ჩინურ ,,ბათინკებში” სამ მილიონამდე ლარი დახარჯა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

,,დღეს ინფორმაცია გავრცელდა, სკანდალი: “უხარისხო ჩინურ ბათინკებში თავდაცვის სამინისტრომ სამ მილიონამდე ლარი დახარჯა”.

ნიუსში არ არის მითითებული თვეები, მხოლოდ 2016 წელიო. თავდაცვაში უბრძანებიათ თინას ამბავიაო. ხოდა, კომენტარების გარეშე მხოლოდ დოკუმენტები და ფაქტები. დასკვნები თავად გააკეთეთ არა მხოლოდ იმაზე, თუ ვის დროს რა ხდება, არამედ იმაზეც, ასეთ ოროსან ტყუილს რომ იტყვი, რასთან გვაქვს საქმე.
1. “ნიუ ატლასთან” ჩემი მინისტრობის დროს ერთი კონტრაქტი გაფორმდა 2015 წლის ნოემბერში. ნიჩბოსნულ ტრენაჟორზე და მისი ფასი 2,784 ლარი იყო. (ორი ათას შვიდას ოთხმოცდაოთხი);
2. 2015 დეკემბერში გამოვაცხადეთ ფეხსაცმლის, ანუ ბათინკის ტენდერი და ჩავშალეთ. ვინაიდან ვერავინ დააკმაყოფილა პირობები (დოკუმენტი თან ერთვის);
3. 2016 გაზაფხულზე ისევ გამოცხადდა ტენდერი, სადაც ეს კომპანია მონაწილეობდა და ტენდერიდან მისი დისკვალიფაკაცია მოხდა (დოკუმენტი თან ერთვის);
4. ჩინურ ბათინკზე საერთოდ უარი ვთქვით, გასაგები მიზეზების გამო, პრინციპში ერთჯერადია.
5. 2016 ზაფხულში ისევ გამოცხადდა ტენდერი და მერე ჩვენ წავედით. საბუთების მიღება 30 ივლისს დაიწყო, მე უკვე დაწერილი მაქვს განცხადება. 4 აგვისტოს დასრულდა. იზორია უკვე მინისტრია.

შემდეგ იყო სატენდერო კომისია და ა.შ. იზორიაა მინისტრი. ამის შემდეგ 3 კომპანიას, რომელსაც “ნიუ ატლასზე” უკეთესი პირობები აქვს (ფასით) დისკვალიფიკაციას უკეთებენ (დოკუმენტი თან ერთვის) და “ნიუ ატლასი” იმარჯვებს ტენდერში, რომელიც მანამდე ორჯერ ამოვაგდეთ ჩვენ;
6. 2016 წლის 27 სექტემბერს, იზორიას მოადგილე კაპანაძე ხელს აწერს ხელშეკრულებას. რომლითაც მისცეს 2,453,001 ლარის (ორი მილიონ ოთხასორმოცდაცამეტიათასიანი) კონტრაქტი “ნიუ ატლასს”ვ(დოკუმენტი თან ერთვის);

ამასობაში #IPN დაგვეწია იზორიას მოადგილის კომენტარით, “რა პირობითაც გამოცხადდა 2016 წლის ივლისში ტენდერი, იმ პირობითვე ჩაიბარა კომპანიამ მითითებული საქონელი.”

კიდევ ერთხელ, უფრო მოკლედ:
– დიახ, ტენდერებს ვაცხადებდით.
– იმათ, ვინც ვერ აკმაყოფილებდა პირობებს, დისკვილიფიკაციას ვუკეთებდით;
– გამოცხადებულ ტენდერებსაც ვაუქმებდით, თუ არ ვარგოდა შემოთავაზებები;
– ზუსტად ასე მოვიქეცით მანამდე ორჯერ – ეს კომპანია ორჯერ ჩაიხსნა.
– ჩვენგან განსხვავებით, იზორიას მინისტრობისას, ყველა ჩახსნეს, ვისაც უკეთესი პირობები ჰქონდა და “ნიუ ატლასს” გაამარჯვებინეს.
დოკუმენტები თან ერთვის.
დასკვნები და დანარჩენი ანალიზი კი მკითხველზეა მთლიანად.

PS ეს ამბები წვრილად შეგიძლიათ თავადაც ნახოთ შესყიდვების სააგენტოს პორტალზე, სადაც კიდევ ბევრ სხვა საინტერესოს ნახავთ,”- წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, ინფორმაცია, თითქოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, 2016 წელს, ბათინკების ტენდერში რაიმე დარღვევა იქნა დაშვებული, სიმართლეს არ შეესაბამება..

როგორც უწყებაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროს მიერ „ნიუ ატლას სტრატეჯი კოს“ ფილიალთან 411 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ჯერ კიდევ სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის პერიოდში 2016 წლის 21 მარტს გაფორმდა, ხოლო ტენდერი, ანალოგიური მახასიათებლებით,  წინა ხელმძღვანელობის პირობებში, 2016 წლის 1 ივლისს გამოცხადდა.

,,კვირას“ მიერ თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში ჩანს, რომ ხელშეკრულების ღირებულება 35 346 ლარია და 2016 წელს არის გაფორმებული.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები