აკაკი ზოიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ვერ ჩავერევით

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ვერ ჩავერევით“, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
ზოიძე განმარტავს, რომ სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი პრინციპული და დამოუკიდებელი მოსამართლეა, რომელთა დისკრედიტაცია მიუღებელია. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ვერ ჩავერევით. სწორედ ამიტომ საუბრობენ კოლეგები დროებით მორატორიუმზე. არაერთი პრინციპული მოსამართლეა და არ შეიძლება, მთელი სასამართლო კორპუსი გავაიგივოთ იმ ორ-სამ ადამიანთან, რომელთა მიმართაც კითხვებია. სისტემაში ძალიან ბევრი პრინციპული და დამოუკიდებელი მოსამართლეა, რომელთა დისკრედიტაცია მიუღებელია. კარგია, თუ დღეს რვა მოსამართლე უვადოდ განწესდა. მათ შორისაა მოსამართლე, რომელმაც, ხორავას ქუჩის საქმეზე, გადაწყვეტილება მიიღო. ეს დასტურია, რომ ხელისუფლება არ ერევა და არ ახდენს სასამართლოზე ზეწოლას, როგორც ამას ოპონენტები გვაბრალებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აღნიშნულ მოსამართლეს უვადოდ კი არ დანიშნავდნენ, ციხეში ჩასვამდნენ“, – განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგად, რვა მოსამართლე უვადოდ განწესდა. ესენი არიან: ნატრული აკობია, ეკა არეშიძე, გია ბერაია, ლერი თედორაძე, ინდირა მაშანეიშვილი, სალიხ შაინიძე, ნატო ხუჯაძე და მერაბ ჯორბენაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები