„ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია საქართველოში“ –  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი მან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით მიიღო.
სტატუსის მინიჭების ინიციატორები აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე და ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან გაბრუაშვილი იყვნენ.
ბარათის შედგენაში მონაწილეობდნენ: ლიანა ღუდუშაური, ლუარა ჭანტურია, ლია მელიქიშვილი, თინათინ სადუნიშვილი, ნანა გელაშვილი.
საქართველოში ქალთა საბჭოს საქმიანობის ისტორია 1921 წელს იღებს სათავეს და ლიდა გასვიანის, ვარო ჯაფარიძის, მარიამ ორახელაშვილის და სხვა, იმ დროისთვის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ქალბატონების სახელს უკავშირდება.
სხვადასხვა დროს, ორგანიზაცია იბრძოდა ქალთა შრომის უფლებების დაცვის, ბავშვებისა და მოზარდების განათლების, სახელმწიფოს მმართველობაში ქალთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, პატიმარი ქალების რესოციალიზაციასა, თუ – დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის.
საქართველოს ქალთა საბჭო, 1995 წლიდან, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი, სახალხო ორგანიზაციაა. 2014 წლიდან, საქართველოს ფარგლებს გარეთ, 10 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობები. საქმიანობა წარმოებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე  ქალთა რეგიონული საბჭოების დახმარებით. საბჭო, მემორანდუმის საფუძველზე, 16  ეროვნების კომიტეტთან თანამშრომლობს. ამ ხნის მანძილზე, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტით, საბჭო დღესაც აქტიურად ახორციელებს თავის საქმიანობას იძულებით გადაადგილებულ ოჯახების, ეროვნული უმცირესობების ქალბატონების, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქალბატონებისა და ბავშვებისათვის. დღეისათვის, ორგანიზაციაში 3 000-ზე მეტი ქალბატონია გაერთიანებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები