ბერლინალეზე იანა უგრეხელიძის ანიმაციის „ომის იავნანა“ პრემიერა შედგა
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა Generation Kplus-ში მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ომის იავნანა“ (Armed Lullaby) მოხვდა. ფილმის ავტორი გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი იანა უგრეხელიძეა.
ანიმაციის სიუჟეტი აფხაზეთის კონფლიქტზეა, რომელიც ოთხი ბავშვის თვალითაა დანახული. ისინი ხანძარში გახვეული ქალაქიდან სხვადასხვა გზებით გარბიან: ერთი გემით, ერთი თვითმფრინავით, ერთიც ავტობუსით, ხოლო მეოთხეს გზის გავლა ფეხით, სვანეთის თოვლით დაფარული მთებით უწევს.
იანა უგრეხელიძის პირველი ანიმაციური ფილმის Summer Story-ის პრემიერა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა, სადაც იგი დაჯილდოვდა როგორც – საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი.
ბერლინალე წელს 7-დან 17 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მაყურებელს ქართული ანიმაციის ნახვა 11 თებერვალს შეეძლება.