„აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში კრებულის წარდგენა გაიმართება
13 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამებით გამოცემული კრებულის – „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ – წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორია ნატო კორსანტია. წიგნი თავს უყრის აფხაზეთიდან ლტოლვილი და საზღვარგარეთ მცხოვრები წარმატებული ახალგაზრდების (34 ახალგაზრდა) ერთ ნაწილს.
„მათ შორის არიან როგორც აფხაზეთში, ისე ენგურს გამოღმა დაბადებულები. ბევრ მათგანს დღეს ევროპას, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი პოზიცია უკავია, ბევრიც წარჩინებული სტუდენტია. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საკუთარ სამშობლოშივე დევნილებად ქცეულმა ახალგაზრდებმა შეძლეს გზის გაკვლევა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სამსახურის მოძიება, ზოგ შემთხვევაში დამკვიდრებაც კი. უცხოეთში მცხოვრები წარმატებული დევნილები კრებულში თავად ყვებიან განვლილი გზისა და მიღწეული წარმატებების შესახებ. მათ შორის არიან: დემნა გვასალია, ანდრო ვეკუა, ნათია თოდუა, რუსუდან ჟორჟონლიანი და სხვები.
დევნილი ახალგაზრდები განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით, მიზანდასახულობითა და ნიჭიერებით გამოირჩევიან, რაც გვაიმედებს, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი სიტყვის თქმა იმ უდიდეს საქმეშიც, რასაც აფხაზეთის პრობლემის მოგვარება (შორეულ პერსპექტივაში მისი დაბრუნება და განახლება-აღორძინება) ჰქვია. ამიტომაც აუცილებელია, ვიცოდეთ, ვინ არიან ისინი, სად არიან და რას საქმიანობენ, რა მიზნები და ჩანაფიქრი აქვთ, აპირებენ თუ არა შინ დაბრუნებას და როგორ ხედავენ თავიანთ თავს დასაბრუნებელ თუ დაბრუნებულ აფხაზეთში? მიუწვდებათ თუ არა ხელი, სიტყვა შეაწიონ აფხაზეთის პრობლემას, აფხაზეთთან დაკავშირებული ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
კრებული გამოიცა პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ ეგიდით. შესაბამისად, მიმდინარეობს ამგვარი ახალგაზრდების მოძიება და მათზე ინფორმაციის თავმოყრა.
კრებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის ეგიდით გამოვიდა.