„საქართველოს სინფონიეტა“ საკონცერტო სეზონს ხსნის – ბაროკოს მუსიკის კონცერტი გაიმართება

 „საქართველოს სინფონიეტა“ 2019 წლის საკონცერტო სეზონს ხსნის. 16 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ბაროკოს მუსიკის კონცერტი გაიმართება. სოლისტი  ბალაჟ მატე (ჩელო) იქნება.
ჩელისტი ბალაჟ მატე სწავლობდა ბ. ბარტოკის სახ. კონსერვატორიასა და ფ. ლისტის სახ. მუსიკალურ აკადემიაში. 1986-1992 წ.წ.-ში იგი უნგრეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის წევრი იყო. მან გაიარა ასპირანტურა ჰააგის სამეფო კონსერვატორიაში ბაროკოს ჩელოს სპეციალობით იააპ ტერ ლინდენთან და კამერული მუსიკის გაკვეთილები ნიკოლაუს არნონკურთან, ზალცბურგის მოცარტეუმში.
იგი ანსამბლების: Concerto Armonico Budapest, Trio Cristofori და The Rare Fuits Council დამფუძნებელი და წევრია. სხვადასხვა დროს მსოფლიოში ცნობილი ორკესტრების: „Le Concert des Nations“ (ხელმძღვანელი იორდი სავალი), „Wiener Akademie“ და სხვა წევრი იყო.
„ჩვენი მიზანი, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად მხოლოდ კონცერტების გამართვით არ შემოიფარგლება. გვსურს, რომ მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ მომავალ თაობას, რაც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოში კლასიკური მუსიკის შემსრულებლების განვითარებისთვის.
სწორედ ამ მიზნით, კონცერტთან ერთად დაიგეგმა მასტერკლასებიც და ცნობილი ჩელისტი ბალაჟ მატე, 13 და 14 თებერვალს, „სინფონიეტა სთეიჯიზე“ (სანაპიროს ქ. N 4, შენობა 2, სართული 8) სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა ჩელისტებისთვის მასტერკლასებს გამართავს. იმედი გვაქვს, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ არაერთხელ მოგვეცემა მასთან მუშაობის საშუალება“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეა მუქერია.
16 თებერვალს კი, კონსერვატორიის მცირე დარბაზში „საქართველოს სინფონიეტა“ და ბალაჟ მატე: ა. კორელის, გ.ფ. ჰენდელისა და კ. ფ. ე. ბახის ნაწარმოებებს შეასრულებენ. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები