ქართველი ხელოვანი, რომლის თოჯინებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ საჩუქრად მიაქვთ
ირმა ფრანგიშვილი მეთოჯინეა, რომელიც ლამაზ, დახვეწილ და ბუნებრივ თოჯინებს ქმნის. ის შეკვეთებს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს. მუშაობის პროცესი რთული და შრომატევადია, თუმცა საყვარელი საქმიანობისგან დიდ ენერგიასა და სიამოვნებას იღებს. 2018 წლის ნოემბერში, ირმა ფრანგიშვილის ნამუშევრები პრაღის საერთაშორისო ხელნაკეთი თოჯინების ფესტივალზე იყო წარდგენილი.
პორტალი „კვირა“ დაინტერესდა მეთოჯინის ბოლო ნამუშევრებით და რამდენიმე შეკითხვით მიმართა მას.
– თქვენთვის რა არის თოჯინების შექმნის ინსპირაცია?
– სკოლაში ვმუშაობ და მოსწავლეებთან კონკურსისთვის ხშირად გვიწევდა რბილი თოჯინების დამზადება. რამდენიმე წლის წინ სკოლაში თოჯინების სპექტაკლი დავდგით, სადაც მოსწავლეების მიერ დამზადებული რბილი თოჯინები გამოვიყენეთ, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ დავინტერესდი თოჯინებით.
– თოჯინებზე მუშაობა წვრილმანი დეტალების გათვალისწინებასა და ყურადღებას მოითხოვს. რა დრო სჭირდება თოჯინის დამზადებას?
– თოჯინის შექმნა ძალიან შრომატევადია. ამავე დროს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია. იგი სხვადასხვა პროფესიის ცოდნას მოითხოვს. უნდა იყო მოქანდაკე, მხატვარი, მკერავი, მეწაღე, სტილისტი, დიზაინერი და ზოგჯერ დურგალიც კი. თოჯინების კეთებისას ყოველთვის ვცდილობ, გამოვსახო ადამიანის ხასიათი, ემოცია და განწყობა. ზოგიერთი თოჯინის შექმნას ორ კვირაზე მეტი სჭირდება ღამისთევის ხარჯზე.
– გიწესებენ თუ არა დამკვეთები განსაზღვრულ დროს თოჯინების დასამზადებლად და რამდენად შესაძლებელია, მოკლე დროში ისეთი ხარისხით დამზადდეს თოჯინა, როგორიც დამკვეთებს სურთ?
– არის შემთხვევა, როდესაც დრო განსაზღვრულია, რადგან არის სიტუაციები, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ თოჯინა საჩუქრად მიაქვთ. რა თქმა უნდა, მოკლე დროში რთულია მუშაობა, მაგრამ ვცდილობ ისეთი ხარისხის იყოს, როგორიც დამკვეთს სურს. კმაყოფილი უნდა დავრჩე როგორც მე, ასევე თოჯინის მეპატრონეები.
– ძირითადად, რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვთ თოჯინებს? დამკვეთებს სურთ საკუთარი თავის დანახვა თუ კონკრეტული თემით მოგმართავენ?
– დამკვეთები, ძირითადად, ის ადამიანები არიან, ვინც მეგობრებსა და ახლობლებს უკეთებენ სამახსოვრო საჩუქარს, პორტრეტული თოჯინის სახით. მე კი ვცდილობ, სურათის მიხედვით ამოვიცნო მისი შინაგანი სამყარო და გადმოვცე იგი.
– თოჯინა რუსტამი, როგორც წერდით, 7 დღეში დამზადდა და საჩუქრად უნდოდათ. როგორ შეხვდით რუსტამს და მოგვიყევით თოჯინის დამზადების ისტორია.
– რუსტამის პორტრეტული თოჯინა საჩუქრად უნდოდათ. ბატონი რუსტამი, წარმოშობით უზბეკია და ცხოვრობს პეტერბურგში. საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ყოფილა. ის ჩამოსული იყო საქართველოში ახალ წელს და 10 იანვარს მიფრინავდა. მეგობარს უნდოდა, რაღაც განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინა მისთვის. იგი ახლობლის რჩევით დამიკავშირდა და ძალიან მთხოვა, რომ მომესწრო 10 იანვრამდე. უარი ვერ ვუთხარი.
ასე რომ, 7 დღე-ღამეში დავამზადე თოჯინა. მე მგონი, დიდი სიხარული და სიამოვნება მივანიჭე იმ ადამიანებს და მათთან ერთად მეც კმაყოფილი დავრჩი.
– გასული წლის ნოემბერში თქვენი ნამუშევრები პრაღის საერთაშორისო ხელნაკეთი თოჯინების ფესტივალზე გამოიფინა. რამდენი ნამუშევარი წარადგინეთ და რით იყო მნიშვნელოვანი ეს გამოფენა?
– დიახ, ჩემი 5 თოჯინა იყო წარმოდგენილი პრაღის საერთაშორისო ხელნაკეთი თოჯინების გამოფენაზე. ფესტივალში 24 ქვეყნის ცნობილი მეთოჯინე მონაწილეობდა. ჩემთვის საინტერესო გამოცდილება იყო.
სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა მეთოჯინეებთან ურთიერთობა, ნამუშევრების დათვალიერება და შთაბეჭდილებების გაზიარება. ყოველი მომდევნო გამოფენით რაღაც ახალს ვსწავლობ, ვცდილობ, განვვითარდე და ჩავუღრმავდე დეტალებს.
– თოჯინებთან ერთად ორიგინალურია თქვენი ნახატებიც. რა ჟანრის მიმდინარობას მიაკუთვნებდით თქვენს ნამუშევრებს?
– ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა ჟანრისაა. ადრე უფრო რეალისტური ნახატებით ვიყავი გატაცებული, თუმცა ბოლო დროს შემეცვალა დამოკიდებულება.
– ყველაზე მეტად სად ავლენთ საკუთარ თავს?
– თოჯინების შექმნის დაწყებისას, მივხვდი, ეს ის საქმე იყო, რომელიც უნდა მეკეთებინა. თოჯინის შესაქმნელად საჭირო უნარები და შესაძლებლობები, ჩემში ერთადაა თავმოყრილი. დიდ სიამოვნებას მანიჭებს თოჯინების შექმნის პროცესი.
ნათია კოსტავა