„შოთა, ილია, სოსელო, სტალინის ქართული იკონოგრაფია და მისი ნარატიული პარალელები“ – ლექცია გაიმართება
9 თებერვალს, 16:00 საათზე, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საჯარო ლექცია გაიმართება. ამით საქართველოს ეროვნული მუზეუმი აგრძელებს ლექციათა ციკლს გამოფენასთან კავშირში – „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციათა ციკლის შემდეგი მომხსენებელია – ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი მაისურაძე, რომელიც წაიკითხავს ლექციას – „შოთა, ილია, სოსელო სტალინის ქართული იკონოგრაფია და მისი ნარატიული პარალელები“.
უჩა ჯაფარიძის ფერწერულ ტილოზე გამოსახულია ახალგაზრდა სტალინი (სოსელო), რომელიც გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში საკუთარ ლექსს უკითხავს ილია ჭავჭავაძეს, კედელზე კი რუსთაველის პორტრეტი ჰკიდია. ეს სურათი, შეიძლება ითქვას, ყველაზე ზუსტად ასახავს 1930-იანი წლებში მიმდინარე ქართული ეროვნული ნარატივის რეკოდირებისა და გასაბჭოურების პროცესს. სტალინის ფიგურის ინტეგრაციით ქართული ნარატივი თვისობრივად ახალ შინაარსს და მიზანმიმართულებას იძენს, რომლის გაგებაც სტალინური ეპოქის იკონოგრაფიისა და ნარატივების პარალელური ანალიზითაა შესაძლებელი.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3