„ვახტანგ კოტეტიშვილის უცნობი წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე“ – ნონა კუპრეიშვილის ლექცია გაიმართება

 3 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ლექცია –  „ვახტანგ კოტეტიშვილის უცნობი წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე“  გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ამ ლექციით იწყება საჯარო ლექციათა ციკლი გამოფენის – „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ – ეგიდით.
ლექციათა ციკლის პირველი მომხსენებელი – ლიტერატორი, ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნონა კუპრეიშვილი იქნება.
ფოლკლორისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი, ხელოვნების თეორეტიკოსი, მხატვარი, მოქანდაკე, ესეისტი, სოციოლოგი და პუბლიცისტი ვახტანგ კოტეტიშვილი სოციალ-ფედერალისტების კონტრნაციონალისტური, ჯაშუშური, მავნებლური ჯგუფის წევრობის აბსურდული ბრალდებით 1937 წლის 5 ნოემბერს დააპატიმრეს და რამდენიმეთვიანი სასტიკი წამების შემდეგ, 1938 წლის მარტში დახვრიტეს.
ვახტანგ კოტეტიშვილი მეოცე საუკუნის ქართული მოდერნიზატორული პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო. ამ რენესანსული ტიპის მოღვაწემ შექმნა არაერთი მონოგრაფია, გამოკვლევა თუ წერილი მწერლობისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში. ლიტერატურასა და ხელოვნებაზე შექმნილ სტატიებში მან გამოამჟღავნა სწრაფვა სინთეტური ხელოვნებისკენ, რაც ევროპული მოდერნიზმის ეროვნულ ნიადაგთან შეთვისებას გულისხმობდა. ვახტანგ კოტეტიშვილის ტექსტები დღესაც ინარჩუნებს აქტუალურობას და საინტერესოა სხვადასხვა თაობისა და პროფილის მკვლევართათვის.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები