ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცედურის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს ასოცირების ხელშეხრულებაზე ხელმოწერის სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოაწერს, როგორც ეს გათვალისწინებულია საქარველოს კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით.
თადუმაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, მას ესაჭიროება საქართველოს მთავრობის თანხმობა.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
„აღნიშნული ტიპის ხელშეკრულების ხელმოწერაზე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მას შესაბამისი გადაწყვეტილება ექნებოდა მიღებული მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოკლებულია შესაძლებლობას მთავრობის თანხმობისა და შემდგომში პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას”, – განაცხადა საპარლამენტო მდივანმა.
რაც შეეხება ხელმოწერის პროცედურას, პრეზიდენტის მხრიდან ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, ხელმოწერა ვერ შეიძენს იურიდიულ ძალას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის (თანახელმოწერის) გარეშე, რაც საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეულ გაუგებრობას გამოიწვევს, რადგან მსგავსი სახის ხელშეკრულებები იურიდიულ ძალას იძენს ხელმოწერის მომენტიდან.
ამასთან, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე.
„აღსანიშნავია, რომ მთავრობამ წარმართა მოლაპარაკებების პროცესი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ასევე მთავრობაა პასუხისმგებელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე,”-აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები