შსს: აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი,  თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ასევე, ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხით მოსიარულეების თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა  საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობისა და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები