ბასა ფოცხიშვილი: ვლოცულობთ, რომ ინაუგურაცია ხარვეზების გარეშე ჩატარდეს

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორმა, ბასა ფოცხიშვილმა ინაუგურაციის სამუშაოების დასრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჰიმნს სამების მგალობელთა გუნდი შეასრულებს.
მისი თქმით, ღონისძიებაზე ასევე შესრულდება მრავალჟამიერი, რომელსაც ანსამბლები – “ქართული ხმები”, “რუსთავი”, “ერისიონი” და “შვიდკაცა” ერთობლივად შეასრულებენ.
„დღეს, გამთენიისას დასრულდა სამუშაოები. ყველაფერი წესრიგშია. საქართველოს ჰიმნს შეასრულებს სამების გუნდი, ხოლო მრავალჟამიერს ერთობლივად “ქართული ხმები”, “რუსთავი”, “ერისიონი” და “შვიდკაცა”. ჩემთვის ბედნიერებაა მათთან მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ხარვეზების გარეშე ჩაივლის. ყველა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ვლოცულობთ, რომ კარგად ჩატარდეს. ინაუგურაცია არ იქნება პომპეზური, რადგან არ ახასიათებს ქართულ კულტურას. იქნება ზომიერი და თავშეკავებული”, – განაცხადა ფოცხიშვილმა.
მან “ბატონის ციხის” სასახლეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მზადების პროცესში ყველაზე რთული ადგილსა და ლანდშაფტზე მორგება იყო. ბასა ფოცხიშვილმა ერეკლე მეფის როლზეც გაამახვილა ყურადღება.
„ყველაზე რთული იყო ინაუგურაციის მომზადებისას, მოვრგებოდით ამ ადგილს. აქ ყოველი ზედმეტობა არის მიუღებელი. დიდებული არქიტექტურაა, საოცარი ლანდშაფტია და საოცარია კავკასიონი. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ჯგუფის თითოეული წევრი ღონისძიებას, რადგან ტარდება დიდი ერეკლე მეფის სასახლეში. მრავალი წლის შემდეგ, აქ უკვე დამოუკიდებელი პრეზიდენტის ინაუგურაციაა. ერეკლე მეფემ გადაარჩინა საქართველო. ის, რომ დღეს ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ, სარწმუნოება გვაქვს შენარჩუნებული, ევროპული აზროვნება გვაქვს, ეს მისი დამსახურებაა”, – განაცხადა ფოცხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები