გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზურაბ ჭავჭავაძეს (სიკვდილის შემდეგ) ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. გიორგი მარგველაშვილმა ყვარელში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში, ზურაბ ჭავჭავაძის საფლავი გვირგვინით შეამკო და სახელმწიფო ჯილდო – ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა. ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის ორდენი ქვეყნის წინაშე კეთილშობილი მსახურების, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის მიენიჭა.
“რამდენიმე საათში, სანამ უფლებამოსილებას გადავაბარებ ახალ პრეზიდენტს და მაქვს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სახელით საუბრის უფლება, მე არა მარტო ზურაბ ჭავჭავაძის ღვაწლს მივაგებ პატივს, არამედ ამ ნაბიჯით, კიდევ ერთხელ ვცდილობ, რომ ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, მივცე ნიშანი იმისა, თუ რა არის სამაგალითო პოლიტიკაში. მივცე კიდევ ერთი მაგალითი გამორჩეული ქართველის, რომელსაც უნდა მიბაძონ. მაგრამ არ არის აქ მარტო წარსულზე ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი მომავალზე. ჩვენი მიზანი ილია ჭავჭავაძის ღირებულებებით ჩვენი სამშობლოს შენება უნდა იყოს, ჩვენი ქმედება პოლიტიკაში ზურა ჭავჭავაძის სტილი უნდა იყოს ეს ძალიან მაღალი ჯილდო არის მისი სულისთვის, მაგრამ ბევრად უფრო მეტად თქვენთვის, ახალგაზრდა თაობავ პოლიტიკოსებისა, რომლებმაც უნდა გადაიბაროთ ეს ქვეყანა და ამ იდეალებზე აშენოთ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ვადაში, ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიანიჭა: წითელი ჯვრის მოწყალების დას, მარო მაყაშვილს, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკს, მამია ალასანიასა და სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები