თამარ ტალიაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მიზანია რევანში, კვლავ ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია რევანში, კვლავ ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, თამარ ტალიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობას იმის წარმოდგენაც არ სურს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე გახდეს.
„გავიხსენებდი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის მთავარი სტრატეგის, ბატონი შკრიალოვის განცხადებას, რომელიც მან ოფიციალურად „ეხო მასკვის“ საიტზე, ბლოგის სახით გამოაქვეყნა და ამცნო ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ საქართველოში დეკემბერში განხორციელდება რევოლუცია. ეს არის რევანში, რევანშისტული პროგრამა, პროექტი, სტრატეგია. ეს არ არის საპრეზიდენტო პროგრამა. ეს იქნება განუხორციელებელი. მე ყოველდღიურად ვხვდები მოქალაქეებს, მოქალაქეთა ძალიან დიდ რაოდენობასთან მაქვს ყოველდღიურად შეხება და ეს არ არის ქართველი ერის დაკვეთა. ეს შეიძლება ჩრდილოელ მეზობელს აწყობდეს.
ვიზალიბერალიზაციის გზაზე აღიარებული შედეგები, რაც ჩვენ უკვე გვაქვს, მათ შორის ევროპისგან აღიარება, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან აღიარება, ჩვენი ჩართულობა მსოფლიოში მიმდინარე ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროგრესულ ტენდენციებში – მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი უკან დაბრუნდეს, მოხდეს არეულობა, გარკვეული რევოლუციური სცენარები.
შავ პიარზე იყო აგებული ვაშაძის კამპანია. ეს არ არის ახალი. გვახსოვს 9 წლის განმავლობაში მაღალი ტრიბუნებიდან ლაპარაკი შემდეგზე: ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში. ეს არის ის, რასაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. მათი მიზანია რევანში, კვლავ ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. პირველი ტურის შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები