გიორგი ვაშაძე თანხების ჩამოწერაზე: აბსურდული და შინაარსმოკლებულია

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების თაობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა არარეალურია. შესაბამისი განცხადება ვაშაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, არსებულმა ხელისუფლებამ არაერთი დაპირება გასცა, რომელიც არ შესრულდა.
„ეს წინადადება აბსურდული და შინაარსმოკლებულია. მეორეც იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერავინ გაიგო ვისზე ვრცელდება და მესამე, ეს ხდება არჩევნების შემდეგ, ანუ სურთ, ჯერ ხმა მიიღონ და მერე ვითომ რაღაცას გააკეთებენ. დარწმუნებული ვარ, დეკემბერში გამოვლენ და იტყვიან, რომ ჩვენ სხვა რამეს ვგულისხმობდით. მოიმიზეზებენ, რომ მიკროსაფინანსეოებმა უარი გვითხრეს, ათას ტყუილს და სისულელეს მოიგონებენ, რომ ყველაფერი გაამართლონ. მათ ერთადერთი რამ სურთ, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ“, – განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები