“გზააბნეუელებს“ დახმარება სჭირდებათ – „ყველა ნარკომანი ანებებს თავს ნარკოტიკს, მხოლოდ რჩეულებს გამოსდით ეს სიცოცხლეში!“

ჩვენ გარშემო,  საზოგადოებაში, ხშირად ვხვდებით სასოწარკვეთილ და გზააბნეულ ადამიანებს. ხშირად ისინი ჩვენ გვერდით, უფრო მეტიც, ჩვენთან ძალიან ახლოს არიან – თანამშრომლები, ახლობლები  ან სულაც, ოჯახის წევრები. მათ დამოკიდებულების პრობლემები აქვთ. ჩვენგან კი თანადგომა, მზრუნველობა და ყურადღება სჭირდებათ. თუმცა, რამდენად ვახერხებთ ამ ყველაფერს, სადავო საკითხია.

ამ მხრივ, გამოირჩევა არასამთავრობო საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, რომელიც სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირებს სხვადასხვა გზით ეხმარება. ორგანიზაციის მესვეურნი ცდილობენ დაუბრუნონ ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების აღქმა. თუმცა, ამისათვის აუცილებელია გქონდეს სურვილი. ბენეფიციართა უმეტესობა „თანადგომაში“ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნება-სურვილით მიდის.
                                                                                  ***
„ახლა რომ 27 წლის ვიყო, წამალს საერთოდ არ გავეკარებოდი. ძალიან ვნანობ განვლილ ცხოვრებას“, – ამბობს წამალდამოკიდებული მამაკაცი, რომელმაც ნარკოტიკი პირველად 23 წლის წინ გასინჯა. მაშინ 27 წლის იყო. მის ვინაობას არ ვამხელ, პირობითად „თამაზით“ გაგაცნობთ. ის მარტოხელაა. ცხოვრობს თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში და ერთადერთი და ჰყავს.

თამაზი ჩემ წინ გახუნებულ სავარძელში ზის, თითქოს თვითონაც ძველი სავარძელივით არის გახუნებული. წვერგაუპარსავს და ნაკლებად მოვლილს, პერანგის ღილებიც კი არასწორად აქვს შეკრული. ახლა რთული დასაჯერებელია, რომ ერთ დროს ის პრესტიჟული ქორეოგრაფიული ანსამბლის აკომპანიონი იყო. მის „დაკრულზე“ მთელი ანსამბლი ცეკვავდა. დღეს კი თამაზი წამალდამოკიდებულის სტატუსით, ცენტრ „თანადგომის“ ფსიქო-რეაბილიტაციის კურსს გადის.

„ანსამბლი საბერძნეთში გასტროლზე იყო და პირველად ნარკოტიკი იქ გავსინჯე. ამის შემდეგ „შევჯექი“. როდესაც ნარკოტიკს ვეღარ ვშოულობდი, ათას რაღაცას ვაკეთებდი. იცით რა არის „ვინტი“ ან „ჯეფი“?  ამ ყველაფერს ვიკეთებდი და ვერავინ მამჩნევდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელიწადს. ერთხელაც, ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი, ვეღარ გავაკეთე – ვეღარ დავუკარი… ნოტები დამავიწყდა, თითები აღარ მემორჩილებოდა. გარეთ დღე იყო, მაგრამ ჩემს გონებაში დაბნელდა. აზრზე რომ მოვედი, მივხვდი, რომ ვეღარ ვუკრავდი. ანსამბლიდან გამომიშვეს და წამალზე ბოლომდე „შევჯექი“, – გვიყვება თამაზი და მეც მის ჟარგონულ გამონათქვამებს უყურადღებოდ ვტოვებ.

ყოფილ აკორდეონისტს მაშინ შევხვდი, როდესაც ფსიქოლოგის რჩევებს ისმენდა. ის „თანადგომაში“ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რესოციალიზაციის პროგრამით მოხვდა.

„ჩემი აკორდეონი იმიტომ გავყიდე, რომ წამალი მეყიდა. მაშინ ჩემი „მეგობარი“ ჩალის ფასად, 1500 დოლარად სხვას მივეცი, არადა, 3 ათასი დოლარი ან შეიძლება მეტიც კი ღირდა.  მერე დამიჭირეს“, – იხსენებს თამაზი, რომელიც 2006 წელს, ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდა.

ციხეში წელიწადი და ექვსი თვე დაჰყო.

„ციხემ თვითგადარჩენის ინსტინქტი გამომიმუშავა. ვისწავლე ფიქრიც, რამაც განვლილი ცხოვრება გადამაფასებინა. ჩემისთანები, წამალდამოკიდებული ადამიანები, ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ – ციხე არ არის გამოსასწორებელი დაწესებულება. ჩემისთანა ადამიანებს სახელმწიფომ ბევრი სარეაბილიატიციო ცენტრი უნდა აუშენოს. მხოლოდ იქ შეიძლება გადარჩე. ბარიგებზე კი სასჯელი უფრო უნდა გამკაცრდეს… ადრე, ბავშვობაში, შაბათ-კვირა მიყვარდა. ახლა მძულს. სულ მინდა, რომ აქ ვიყო. მთელი კვირა აქ დავიდარ, ვშრომობ. ჩემს საქმეს გულით ვეკიდები. დრო არ მრჩება, რომ სხვა რამეზე ვიფიქრო. ჩემთვის ეს არის რეაბილიტაციაც და საზოგადოებაში დაბრუნებაც,“ – ამბობს თამაზი და ახალგაზრდებს თხოვნით მიმართავს, რომ ნარკოტიკებს არასოდეს გაეკარონ.

თამაზი ცენტრში არა მხოლოდ ფსიქო-რეაბილიტაცის კურსს გადის, არამედ  შრომობს კიდეც. პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ფარგლებში, „თანადგომაში“ მას ჭიქებზე, მაისურებსა და სხვადასხვა აქსესუარებზე აპლიკაციების გაკეთება შეასწავლეს და ამაში მცირედ ხელფასსაც უხდიან.

თამაზი ამბობს, რომ შეიძლება მომავალში თვითონაც დაწეროს რაიმე პროექტი. ძალიან უნდა, რომ ძველ საქმეს დაუბრუნდეს.

„აკორდეონი რომ მქონდეს, იქნებ რომელიმე სტუდიაშიც ვიმუშავო. თუ პროექტის დაწერაში დამეხმარებიან, “აკარდიონს” ვიყიდი, ანსამბლში დავუკრავ და ძველებურად ვიცხოვრებ ისე, რომ წამალს აღარც გავეკარები“, – ამბობს და ნაღვლიან თვალებში იმედის სხივი უციმციმებს.

თამაზის გარდა, ფსიქოლოგთან შეხვედრას სხვა ორი ბენეფიციარიც ესწრება. ისინიც ამავე ორგანიზაციაში არიან დასაქმებულები. პროექტის მიხედვით, აქ მხოლოდ ნახევარი წლის განმავლობაში შეუძლიათ იმუშაონ. თუმცა სამივე ამბობს, რომ ისურვებდნენ ეს დრო უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო.

ცენტრი „თანადგომა“ თბილისში ქურდიანის ქუჩაზე მდებარეობს. ორგანიზაციის  წარმომადგენლები ერთნაირად ზრუნავენ სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე ადამიანებზე. ვიღაცას ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა ჰქონდა ან აქვს, ვიღაცას – ალკოჰოლიზმისა და აზარტომანიის. ისინი „თანადგომაში“ ყოველდღიურად მოდიან. აქ სპეციალისტთა დახმარებით, შეუძლიათ, თავი საზოგადოების ჩვეულებრივ წევრებად იგრძნონ. საჭიროების შემთხვევაში, მათ უწევენ სამედიცინო დახმარებას, სოციალურ თანხლებას. დღის ბოლოს კი სახლში ბრუნდებიან, უქმეებზე – ისვენებენ. მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. „თანადგომის“ საქმიანი და მეგობრული გარემო აგრძნობინებს, რომ საჭირონი არიან, თავს გარიყულად აღარ გრძნობენ.

პროექტის ხელმძღვანელის, ვაჟა კასრელიშვილის განმარტებით, მათთან ბენეფიციარებს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ამისამართებენ – პრობაციის ცენტრიდან, სასჯელაღსრულებიდან და სხვ. ზოგს პირობითი სასჯელი აქვს ან ყოფილი პატიმარია და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარია.

„ყველა საკუთარი სურვილით მოდის, ძალდატანების გარეშე. როგორც ნახეთ, პროექტის ფარგლებში გვაქვს სოციალური საწარმო, სადაც ოთხი დამოკიდებული პირი გვყავს დასაქმებული, მათგან ერთი მუდმივად, ხოლო სამი – ექვსთვიანი ხელშეკრულებით მუშაობს. შემდეგ ისევ კონკურსი ცხადდება და ძველებს ახალი ბენეფიციარები ენაცვლებიან. ესენი არიან ყოფილი პატიმრები, ვისაც აქვს პირობითი სასჯელი, ოღონდ ვისაც დამოკიდებულების პრობლემა ან ოდესმე მასთან შეხება ჰქონია, ანდა აქვს რემისია ან მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამის მონაწილეა. ეს ადამიანები აქ საქმდებიან, გასამრჯელო ეძლევათ, ჩართულები არიან გარკვეულ სარეაბილიტაციო აქტივობებში. მათთვის ეს მუდმივი სამუშაო არ არის, უფრო სარეაბილიტაციო პერიოდია“, – აცხადებს ვაჟა კასრელიშვილი.

                                                                                         ***
თბილისის გარდა, „თანადგომას“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რამდენიმე ფილიალი  აქვს: აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში, ასევე სოფელ გრემში ფსიქო-სოაციალური სარეაბილიტაციო სადღეღამისო ცენტრის სახით. ამ ნიშნით, ეს ცენტრი ერთადერთია საქართველოს მასშტაბით. ცენტრში არსებული ყველა სერვისი სრულიად უფასოა. გრემში დამოკიდებულების მქონე ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმეთვიან ფსიქო-სოაციალურ დახმარებას სხვადასხვა სპეციალისტებისა და თერაპიების საშუალებით გადიან. ასევე, ცენტრში მუშაობს „თორმეტი ნაბიჯის“ პროგრამა. უახლოეს მომავალში სპეციალისტები ალტერნატიული სარეაბილიტაციო პროგრამების შემოტანასაც გეგმავენ.

წელს,  ივლისში, თბილისიდან 120 კმ-ის დაშორებით, ყვარლის რაიონის სოფელ გრემში მედიატურიც მოეწყო, რომლის დროსაც მედიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ გრემის ცენტრის ბენეფიციართა საცხოვრებელ პირობებს. ცენტრი ორი წლის წინ დაარსდა. ამ ხნის განმავლობაში აქ რეაბილიტაცია 30-მდე ბენეფიციარმა გაიარა.

ცენტრს ქალი ბენეფიციარი არასოდეს ჰყოლია, თუმცა კი, ცენტრში ქალებისთვის კეთილმოწყობილი სივრცეც არსებობს.

„დამოკიდებული ქალების გამოვლენა დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში, რადგან ქალი ყოველთვის ორმაგი სტიგმის ქვეშ არის – ცალკე საზოგადოების და ცალკე პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. ჩვენს რეალობაში ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ქალთა ჯგუფი ძალიან მოწყვლადი და დაფარულია. თუმცა, გრემი მზად არის იმ ქალების მისაღებად, ვისაც სურს ან აქვს რეაბილიტაციის გავლის საჭიროება. მეორე სართულზე მათთვის ცალკე ფლიგელია, სადაც  კომფორტულ პირობებში შეუძლიათ ცხოვრება“, – ამბობს გრემის ცენტრის გულშემატკივარი და „თანადგომაში“ ერთ-ერთ პროექტის კომუნიკაციების მენეჯერი ირმა კახურაშვილი.

საგულისხმოა, რომ გრემის ცენტრის ბენეფიციარები არ გადიან მედიკამენტოზურ მკურნალობას. ისინი აქ რემისიის პერიოდში ხვდებიან, როდესაც ფიზიკური დამოკიდებულების პრობლემები უკვე მოხსნილი აქვთ და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ანუ სიფხიზლის შენარჩუნება სჭირდებათ.

უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩება მინაწერი  „გრემის“ ცენტრის ზღურბლთან: ,ყველა ნარკომანი ანებებს თავს ნარკოტიკების მოხმარებას, მხოლოდ რჩეულებს გამოსდით ეს სიცოცხლეში!“

ცენტრი სამსართულიანია. შენობის პირველ და მეორე სართულზე ბენეფიციარებისთვის კეთილმოწყობილი გარემოა. ვერ ვიტყვით, რომ ევროსტანდარტებს ზუსტად შეესაბამება, მაგრამ იქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ  წამალ- და ალკოჰოლდამოკიდებულმა პირებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

პირველ სართულზე სასადილოა. აქვეა ოთახი, სადაც არტთერაპია და შეხვედრები იმართება. ცენტრის ინსტრუქტორებს თავიანთი ოთახები აქვთ. ამჟამად ცენტრში ორი ინსტრუქტორია დასაქმებული. მათ  გავლილი აქვთ დამოკიდებულების დაძლევის გზა, ახლა კი სხვებს ეხმარებიან. მეორე სართულზე საძინებლები და სველი წერტილებია. ცენტრს თავისი ეზოც აქვს, სადაც ბენეფიციარები ბოსტნეულს თესავენ. მომავალში ჩაფიქრებულია სხვადასხვა მეურნეობების, მაგალითად, მეფუტკრეობის გამართვა, რაც აქაურებს საკუთარ შემოსავალს მოუტანს.

ვაჟა კასრელიშვილი ამბობს, რომ მომავალში ცენტრის მესამე სართულსაც აითვისებენ. აქ სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი მოეწყობა – ტრენაჟორებითა და მაგიდის ჩოგბურთით. აქაური ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანია სპორტული აქტივობებით დატვირთვა. აქვე მოეწყობა ბიბლიოთეკაც. სხვათა შორის, ცენტრში ლიტერატურის კითხვას ბევრი იწყებს.

ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარი გიორგია. ის ალკოჰოლდამოკიდებულია. გრემში უკვე  მეორედ მოხვდა. თბილისიდან ჩამოსულ განსაკუთრებულ სტუმრებს გიორგი  განსაკუთრებულად „გამოწყობილი“ დაგვხვდა. თეთრი მაისური და თეთრი წინდები თელაველ, მზისგან გარუჯულ კაცს სხვა ელფერს სძენს. ფეხსაცმლის გრძელი ზონარი კი წინდებში აქვს ჩატანებული. ცდილობს ცნობისმოყვარე ჟურნალისტების ყველა კითხვას პასუხი თავაზიანად გასცეს. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ გიორგი წარმატებით გადის რეაბილიტაციის კურსს.

53 წლის გიორგი ჩრდილში სასაუბროდ დავიმარტოხელე. აღმოჩნდა, რომ მას მერე, რაც მეუღლეს დაშორდა, სულიერ ტრავმას ვერ გაუძლო და ალკოჰოლს „დაუმეგობრდა“. შემდეგ სამსახური დაკარგა და ულუკმაპუროდ დარჩა. თელავში, სახლში ჩაიკეტა და სახლი ლოთების თავშეყრის ადგილად აქცია. სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ პირველად    თანასოფლელისგან შეიტყო და ასე,  საკუთარი ნებით მოხვდა გრემში.
ამჟამად, გიორგი  არტთერაპიის კურსს გადის, თიხაზე მუშაობს.

„თიხაზე მუშაობა ძალიან მომწონს. სხვადასხვა ნამუშევრებს ვქმნი… თიხას ვეფერები, დროს ფიქრში ვკლავ და საბოლოოდ, ჩემივე ნამუშევრით კმაყოფილი ვრჩები. ხან მიწაზეც ვმუშაობთ. ზოგს შრომითი თერაპია უფრო მოსწონს. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ გაიხსენო, როგორ ცხოვრობდი და დალაგებულ ცხოვრებას დაუბრუნდე. საკუთარი პრობლემები და მავნე ჩვევები დაივიწყო. მაგალითად, მე, როდესაც ვმუშაობ, სასმელზე საერთოდ აღარ ვფიქრობ“, – ამბობს გიორგი და ცდილობს საკუთარი ნამუშევრებით თავი მომაწონოს.  მეც ვუქებ და არ ვიმჩნევ, ჯერ კიდევ როგორ უკანკალებს ხელები.

ცენტრში ინსტრუქტორების გარდა, ფსიქოლოგი, ძერწვის პედაგოგი და დიასახლისი არიან დასაქმებულები. ისინი ადგილობრივი მცხოვრებნი არიან.

თემურ კევლიშვილი გამოცდილი მხატვარ-გრაფიკოსი და კერამიკოსია.
„უკვე რამდენიმე თვეა კვირაში ერთხელ მოვდივარ ცენტრში და ბენეფიციარებს თიხაზე მუშაობას ვასწავლი. ძირითადად, ვიყენებთ ადგილობრივ, იყალთოს და ვარდისუბნის თიხას, ასევე, ვყიდულობთ თურქულ ნედლეულს. ბენეფიციარები მუშაობისას მშვიდდებიან, ეს მათთვის თერაპიაა. შემდეგ კი, საკუთარი ნამუშევრები გამოფენაზე გააქვთ, რაც მათთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა“, – ამბობს პედაგოგი.
მაგალითად, რამდენიმე თვის წინ თბილისში, „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე მოწყობილ არტ გამოფენაზე უამრავი ასეთი ნამუშევარი გაიყიდა. შემოსული თანხა დამოკიდებულმა პირებმა პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს გადასცეს.

პროექტის ხელმძღვანელი ვაჟა კასრელიშვილი აზუსტებს, რომ ამჟამად, „თანადგომაში“ სხვადასხვა პროექტები ხორციელდება, ძირითადად, ორი მიმართულებით: პირველი – რეპროდუქციული  ჯანრთელობის პროგრამა, სადაც შედის აივ/შიდსის პრევენცია, უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობები, ჯანსაღი ცხოვრების საკითხები და მეორე – ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. სწორედ ამ მიმართულებით ფუნქციონირებს გრემის სარეაბილიტაციო ცენტრიც.

საინტერესოა, რომ გრემის სარეაბილიტაციო ცენტრის დაარსების იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა. ვაჟა კასრელიშვილი იხსენებს:
„თანადგომა“ ჩემთვის მეორე სახლია, სადაც მართლაც დიდ დროს ვატარებ. თუმცა, არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს საქმიანობას მას დავუკავშირებდი… სარეაბილიტაციო ცენტრის იდეა, პირველად, 2002 წელს გამიჩნდა, როდესაც პოლონეთში ორკვირიან კონფერენციას დავესწარი. კონფერენციის გარდა, გვქონდა ვიზიტები ციხეებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში. იქ ორ სარეაბილიტაციო ცენტრში მომიწია მუშაობა. თითქმის ორი დღე-ღამე ვიმუშავე და ვიცხოვრე… მერე იყო უკრაინა, სადაც სპეციალურად სარეაბილიტაციო ცენტრის სანახავად ჩავედი და იქ ათი დღე გავატარე. ფაქტობრივად, ბენეფიციარებთან ერთად ვიცხოვრე, ვესწრებოდი ჯგუფების ტრენინგებს და ყველა აქტივობას. ოღონდ იმ დროს, ეს კი 2014-2015 წელი იყო, ჩვენი ცენტრის ჩანასახი უკვე არსებობდა. 2016 წელს იდეა რეალობად ვაქციე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების – ევროკავშირისა და „შიდსის ფონდი – აღმოსავლეთი-დასავლეთის“  დახმარებით.“

დღეისათვის გრემის ფსიქო-სოაცილური სარეაბილიტაციო ცენტრს ფინანსურ დახმარებას,  მხოლოდ, დონორი ორგანიზაციები უწევენ. თუმცა, საზღვარგარეთ მსგავსი ცენტრები, ძალიან ხშირად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ვაჟა კასრელიშვილი  პოლონეთში სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებაც გვესაუბრა:

„ბევრ ქვეყანაში მსგავს ცენტრებს სახელმწიფო 60%-ით აფინანსებს. ვიმედოვნებ, რომ მომავალში, საქართველოშიც ასე მოხდება და სახელმწიფო რეაბილიტაციის კომპონენტის მხარდაჭერაში თავის წვლილს შეიტანს. ასეთი წინადადებით გვინდა,  ყვარლისა და თელავის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მივმართოთ. კერძოდ, თუ  ბენეფიციარი იქნება სოციალურად დაუცველი, მუნიციპალიტეტმა კვება მაინც დაუფინანსოს. რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს იქნება პირველი წინგადადგმული ნაბიჯი“, – მიაჩნია ვაჟა კასრელიშვილს, რომელიც გრემის სარეაბილიტაციო ცენტრის განვითარებაზე ყოველდღიურად ფიქრობს.

მისი სურვილია, რომ ცენტრმა არამხოლოდ მამაკაც, არამედ ქალ ბენეფიციარებსაც გაუწიოს დახმარება.

„ახლახანს,  ევროპის ფონდმა კონკურსი გამოაცხადა და, რა თქმა უნდა, ჩვენც ჩვენი პროექტით გამოვეხმაურეთ. გვინდა საკერავი მანქანა შევიძინოთ და ქალი ბენეფიციარი ავიყვანოთ.  ვფიქრობთ, თიხის და სოციალური საწარმოს ერთმანეთთან დაკავშირებას და გარკვეული სასაჩუქრე პაკეტის შექმნას. მაგალითად, ჩვენვე მოვამზადებთ ქსოვილის ჩანთებსა და თიხის სუვენირებს, რომლებსაც გავყიდით. ასეთმა წარმოებამ, შესაძლოა, საკუთარი თავი „შეინახოს“. რაც უფრო მეტ ბენეფიციარს ჩავრთავთ ამ პროცესში, მით უკეთესი იქნება“, – უზიარებს „კვირას“ სამომავლო გეგმებს ვაჟა კასრელიშვილი.

და ბოლოს, გრემის სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტი 2019 წლის ივნისში სრულდება. დონორი ორგანიზაციების გარდა, ასეთ ცენტრებს, სახელმწიფომაც რომ ხელი შეუწყოს, დამოკიდებულების მქონე ადამიანების ნაწილს მაინც ექნება მეტი შესაძლებლობა დაუბრუნდეს ოჯახსა და საზოგადოებას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თითოეულ მოქალაქეზე. ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა, რათა მათ კვლავ იგრძნონ, რომ ცხოვრება მათთვისაც მშვენიერია.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები