ნინო ჩხობაძე: ახალ შენობებზე ვერტიკალური ბაღები უნდა გაკეთდეს, რაც ჰაერის დაბინძურების შემცირებას ხელს შეუწყობს

თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად და მდგომარეობის გამოსასწორებლად მნიშვნელოვანია, ვერტიკალური და ჰორიზონტალური გამწვანების სისტემა დაინერგოს, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში გამწვანებული და რეკრეაციული ტერიტორიები მკვეთრად არის შემცირებული. როგორც ჩხობაძემ განაცხადა, დედაქალაქში ჰაერის ხარისხის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება.
„სხვდასხვა წლის განმავლობაში ინტენსიურად ხდებოდა მწვანე საფარის გაჩეხვა და საბოლოო ჯამში, ცენტრალურ უბნებში, როგორიცაა ვაკე, საბურთალო, ვერა, სოლოლაკი , ფაქტობრივად, აღარ დარჩა გამწვანებული ტერიტორიები. ცოტა შემორჩენილია დიღომში, დიდ დიღომში. მაგრამ, ეს არასაკმარისია. ჰაერის ხარისხის მდგომარეობა უფრო მეტად და მეტად მძიმდება ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტრუქტურები აცხადებენ, თითქოს, ჰაერი ნორმაშია. რეალურად, მგონი ყველა მოქალაქე გრძნობს, რომ ჰაერი მთლად სუფთა არ არის თბილისში. ერთ-ერთი საშუალება ჰაერის გაწმენდის არის შთანმთქმელების არსებობა, ანუ მწვანე საფარის არსებობა. მაგრამ, თბილისში ისე არის განაშენიანება საბურთალოზე, ვაკეში, ვერასა და სოლოლაკში, რომ რეალურად იქ ადგილიც კი აღარ რჩება, სადაც შეიძლება, სკვერი ან რეკრეაციული ზონა გაკეთდეს. სამშენებლო კომპანიებს აქვთ სხვდასხვა კოეფიციენტი, რომლის მიხედვითაც დეველოპერებმა უნდა ააშენონ შენობები, მათ შორისაა გამწვანების კოეფიციენტი k3, რომელიც გულისხმობს, რომ შენობას გარშემო მოწესრიგებული გარემო უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ჩხობაძემ.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი შენობა ისე შენდება, რომ k3 კოეფიციენტის სტანდარტი დაცული არაა.
„ადგილიც კი არ არის, რომ კორპუსის გარშემო შეიძლებოდეს გამწვანების გაკეთება. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ, რომ შემოვიდეს დამატებით ახალი კოეფიციენტი, რომელსაც დაერქმევა k4 და იქნება იმის შესაძლებლობა, რომ სახურავებზე გაშენდეს ბაღები, ასევე ვერტიკალური ბაღები გაკეთდეს. რომელიც დამატებით შექმნის სუნთქვის საშუალებას. ვერტიკალური ბაღების პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში, თბილისშიც არის. ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, რომ შთანთქმელები ასეთი რაოდენობით მაინც გავზარდოთ ქალაქში, მტვრის რაოდენობა და ჰაერის დაბინძურება ნელ-ნელა შევამციროთ“, – განაცხადა ჩხობაძემ.
ჩხობაძის თქმით, სამშენებლო კომპანიები ნორმებსა და წესებს არ ასრულებენ.
„თუ არ შეიფუთა მშენებარე შენობები, არაფერი გვეშველება, ეს გამოცდილი გზა არის მსოფლიოში“, – განაცხადა ჩხობაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნუგზარ ბუაჩიძემ განაცხადა, რომ “თბილისში ჰაერის დამაბინძურებელ კომპონენტებს შორის მნიშვნელოვანი წვლილი მტვერს აქვს.
ნუგზარ ბუაჩიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ მიწვეული ექსპერტია, რომელმაც პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარა.
კვლევის თანახმად, ჰაერში მტვრის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება, როგორც ჯამური მტვრის მონიტორინგის, ასევე, მტვერში არსებული მცირე დისპერსული ნაწილაკების (PM2.5 და PM10) ანალიზის შედეგად.
„გვაინტერესებდა ავტომობილები უფრო აბინძურებენ ჰაერს და მტვერს წარმოქმნიან, თუ სამშენებლო ობიექტები. დამაბინძურებელი ინგრედიენტებიდან წამყვანი აღმოჩნდა მტვერი. მტვერმა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას რამდენჯერმე გადააჭარბა.
PM10 და PM2.5 იმდენად მცირე ნაწილაკებია, რომ ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი გზებით ხვდებიან, ფილტვებში კონცერტრირდებიან და მთელ რიგ დაავადებებს იწვევენ”, – განაცხადა ბუაჩიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები