ნატო ჩხეიძე განცხადებას ავრცელებს

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მეუღლე, “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნულ საკითხზე “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
შესაბამის ვრცელ პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“არც გამკვირვებია ირმა ინაშვილის სწრაფი გამოხმაურება ტელევიზიაში მოსმენილი რაიმე განცხადებისა თუ მოვლენის შესახებ. მე უფრო ის გამიკვირდა, 7 სექტემბრიდან მოყოლებული თითქმის ყოველ დღეს მთელი საზოგადოება და განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიები რომ წერდნენ და საუბრობდნენ, გნებავთ, განცხადებას აკეთებდნენ “იბერიასა” და “ომეგა ჯგუფზე”, გარდა “პატრიოტთა ალიანსისა”. ცხადია, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.
სერიოზული მიზეზი. სრული დადუმების აუცილებლობის მიზეზი. პუნქტებად არც ჩავყვებოდი, ირმა ინაშვილის აწ უსწრაფესი გამოხმაურების პასუხებს, მაგრამ, რადგან ჩემი მეგობარი ირმა მომიწოდებს, საჯაროდ თქვასო, აჰაა, და ვიტყვი საჯაროდ:

1. “პატრიოტთა ალიანსში” მე და ზაზა მივედით ირმა ინაშვილის და დავით თარხან- მოურავის ინიციატივით, თუმცა მანამდე “ოცნების” ძალოვანებმა თქვეს, გინდ ჩვენთან იყავით და გინდ ალიანსში, მაინც ჩვენიაო.

2-3-4 . “პატრიოტთა ალიანსი” გუნდია, სადაც ბევრი ადამიანი მონაწილეობს, ყველა თავის საქმეს აკეთებს და ამ 2 წლის განმავლობაში, რაც უშუალოდ პარტიაში ვართ, რომ ფინანსური მონაწილეობა არ მიგვიღია – ვეთანხმები ამ პუნქტებს.

5. თავისებური ინტერპრეტაციით არის გადმოცემული, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ აჭარის ოფისის დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიგვიღია და “ომეგას” აქტივობების შესახებ ტელევიზიით იგებდნენ.

6. დამაჯერებლად არ მეჩვენება ზაზა ოქუაშვილის ნათქვამიო- წერს ჩემი მეგობარი ირმა და ვფიქრობ, ამ წინადადების დასაწერად იყო დაწერილი ეს ამხელა სტატუსი.

7. საჯაროდ ვადასტურებ, რომ წინადადება: ” არასდროს გვითხოვია დაფინანსება” არ არის სწორი და ამას ალიანსის წევრებიც დაადასტურებენ. ხოლო წინადადება: ” კიდეც რომ გვეთხოვა, რა არის ამაში გასაკვირი”- სწორია და ვადასტურებ, არც არაფერია ამაში გასაკვირი. საპრეზიდენტო კანდიდატად განხილვისას მაინტერესებდა რა აქტივობის გამოჩენას აპირებდა ალიანსი, როგორც პარტია. არა და, რაიმე აქტივობისა არაფერი ეტყობოდა …

8. “ომეგას” შესახებ ფაქტები იცოდნენ პირადად ჩემგან 7 სექტემბერს და უფრო მეტი იცოდნენ 14 სექტემბერს, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებიათ, არც საქმით და არც სიტყვით.

9. არ ვიცი ეს გახსენება რას უკავშირდება. მე ასეთი არაფერი მახსოვს.

10. ოქუაშვილის ნათქვამში რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი, არ ვიციო, კიდევ ერთხელ წერს ჩემი მეგობარი ირმა, მათ გასაგონად, ვისაც შეიძლება გამორჩა მე-6 პუნქტი ან ეცოტავა…

და ბოლოს, არ ვიცი ვის რა აწყობს და როგორ მოქმედებს, “პატრიოტთა ალიანსიც” და სხვა პარტიებიც, – რეალობა კი ისაა, რომ ზაზა ოქუაშვილი და ნატო ჩხეიძე ღია ბრძოლაში არიან მმართველი ძალის კანონს მიღმა მოქმედებების წინააღმდეგ და არც არავის დავუშლით მხარდაჭერასა და თანადგომას.
და მადლობლები ვართ ყველა ადამიანის, გუნდის თუ პარტიის, ვინც ჩვენთან ერთად არის ამ სახიფათო და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის აუცილებელ ბრძოლაში”, – წერს ნატო ჩხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები