ეკა ბესელია: ვემხრობი გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც კანაფის კულტივაციის თაობაზე კანონპროექტის განხილვა გადაიდო

მე ვემხრობი გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, კანაფის სამედიცინო მიზნებით წარმოების საკითხის განხილვის პროცესი შეჩერდა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ნებისმიერი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღოს.
“ხვალ ვიწყებთ განხილვას საკანონმდებლო პაკეტის იმ ნაწილის, რომელიც ეხება მარიხუანას გამოყენების აკრძალვის ახალ ნორმებს. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ცვლილებების მხარდაჭერა, იმიტომ, რომ დღეს ეს სივრცე, სამართლებრივი ველი ღიად არის დარჩენილი და პოლიციელებისთვისაც უკვე პრობლემაა გარკვეულწილად რეაგირება ისეთ შემთხვევებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. რაც შეეხება, მეორე პაკეტს, რომელიც ეხება კანაფის სამედიცინო მიზნებით წარმოების საკითხს, კარგია, რომ ამაზე მივიღეთ გადწყვეტილება და მე ვემხრობი ამ გადაწყვეტილებას, რომ მისი განხილვის პროცესი შეჩერდა. მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ არ უნდა იყოს ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება. ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა უფრო მშვიდად და სიღრმისეულად განხილვა, რა არის ეს იდეა, რომელიც ემსახურება არა ლეგალიზებას, როგორც ამბობენ და რაც არ მოხდება, არა ქვეყნის შიგნით გავრცელებას, არამედ პირიქით სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს, რომ არ მოხდეს მისი გავრცელება, თავისუფალ ბრუნვაში გაშვება”, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, ნებისმიერი გონიერი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორი და გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი წინაპირობა უნდა იყოს ის, თუ როგორი აღქმა აქვს საზოგადოებას ამა თუ იმ ინიციატივაზე, როგორი აღქმა და რეაგირება აქვს ასევე საქართველოს საპატრიარქოს.
“არ მგონია, რომ ეს იყოს ან ირონიის, ან ქილიკის თემა, რადგან პოლიტიკოსებს, ვინც გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ყოველთვის უნდა გვქონდეს შინაგანი განცდა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება კონსენსუსს და საზოგადოებასთან თანხმობას. გაჯიუტება და ჯიბრით რაღაცების კეთება მახსოვს მე, ძალიან ცუდად მთავრდებოდა”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები