საპარლამენტო დელეგაციამ კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებისგან შემდგარმა დელეგაციამ სეულში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მიადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, იუნ სუნ-გუს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეას შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე. საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა მინისტრის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და ქმედებების შესახებ. „უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და მიზანმიმართული პოზიცია რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის ერთგული“ – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა, რომ კორეის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად რჩება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგული. მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს დელეგაციას კორეის ნახევარკუნძულზე საბოლოო მშვიდობის დამყარებისა და კორეის რესპუბლიკის აქტიური მხარდაჭერისთვის. შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობაზე მუშაობის დაწყებას. ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნებს შორის მზარდ ტურისტულ პოტენციალს.
სეულში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელი და ჯგუფის წევრები – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური და ენძელა მაჭავარიანი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები