პრემიერი: ევროპარლამენტის ანგარიში თითოეული მოქალაქისთვის პოზიტიური იმპულსის მიმცემი იყო

“ვფიქრობ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში საამაყოა თითოეული ქართველისთვის, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტის ანგარიში თითოეული მოქალაქისთვის პოზიტიური იმპულსის მიმცემი იყო.
„რაც შეეხება მამიკინსის მოხსენებას, ვფიქრობ, მოხსენებაში გამოთქმული შეფასებები, რომელიც გაკეთდა, საამაყოა თითოეული ქართველისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, ვისაც თავი ევროპულ ოჯახში წარმოუდგენია. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს პოზიტიური იმპულსის მიმცემი, განურჩევლად იმისა, რომელ პარტიას ეკუთვნის ის.
როდესაც ასეთი საკითხები დაიყვანება ვიწროპარტიულ ინტერესებზე და მსჯელობებზე, ეს არის სრულიად მიუღებელი. არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ ვართ სრულიად ღია ნებისმიერი ტიპის დისკუსიისთვის, მაგრამ ამ ქვეყანამ გააკეთა თავისი ცივილური არჩევანი. ამ არჩევანის გზაზე ვდგამთ ძალიან პრინციპულ ნაბიჯებს და ამ ნაბიჯებში ვართ წარმატებული. თუ კონკრეტული პოლიტიკური ძალები აცხადებენ, რომ ჩვენს საგარეო კურსს მხარს უჭერენ, კეთილი ინებონ და ობიექტური კომენტარები გააკეთონ იმ შეფასებებზე, რასაც ახორციელებენ ჩვენი ევროპელი კოლეგები. ეს არის საერთო წარმატება, ეს არის ჩვენი ერის წარმატება და არა პარტიული წარმატება, იმავეს მოვითხოვ პოლიტიკურ ველზე მყოფი სხვა ორგანიზაციების მხრიდანაც. ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იქნას დაყვანილი ვიწროპარტიულ მსჯელობაზე. ეს არის არასერიოზული და ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამას კარგად აფასებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცნობისათვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ 30 აგვისტოს ანგარიში მოისმინეს, რომლის თანახმადაც, ნაჩვენებია, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები