“რუსეთი ოკუპანტი არ არის” – რას აცხადებს პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის მონაწილე (ფოტოკოლაჟი)

თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასთან“ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებულ მედიაფორუმის მონაწილეებს აქტივისტების მწვავე კითხვებისთვის პასუხის გაცემამ მოუწიათ. როგორც ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა, დიმიტრი კოსირევმა განაცხადა, ის მიიჩნევს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, ხოლო კითხვაზე, თუ ვისი ტერიტორიაა აფხაზეთი, კოსირევმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტერიტორია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს.
„მე არ ვიცი, ეს ჩემი სპეციალობა არ არის, თუმცა მე ეს ასე მეჩვენება. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, რუსეთი ოკუპანტი არ არის. ამას ვგრძნობ. თქვენ შეგიძლიათ, დამარწმუნოთ, რომ მე ვცდები, ეს შესაძლებელია. ჩავთვალოთ, რომ ამ ვიზიტიდან მე დავბრუნდები ახალი ინფორმაციით, რომელზეც ვიფიქრებ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ტერიტორია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს.​ ​ჩვენს ტელევიზიაში ხშირად ეწყობა სპეციალური გადაცემები, რომელშიც მონაწილეობენ ძირითადად, უკრაინელები. უკრაინიდან ჩამოდიან სხვადასხვა მოსაზრებების მქონე უკრაინელები. ტელევიზია აძლევს მათ საშუალებას, ისაუბრონ, იჩხუბონ, ზოგჯერ მწვავედ, თუმცა ეს არის საუბარი, დიალოგი, რომელშიც ან მონაწილეობ, ან – არა. დიალოგის მიმდინარეობისას, ადამიანები იგებენ, თუ რა ხდება მთელ მსოფლიოში, ვინ რას ფიქრობს“, – დასძინა რუსმა ჟურნალისტმა.
აქციის მონაწილეებმა ოკუპაციის და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება, რაზეც რუსმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ აღიარებული ოკუპაცია სამწუხარო სურათია, რადგან ახლა ის თავად იშლება ნაწილებად.
„ეს არის ტიპური სიტუაცია, დასავლური ქვეყნები რაღაცას გამოთქვამენ, შემდეგ იცვლიან საკუთარ მოსაზრებას. ახლა დასავლურ ქვეყნებში მიმდინარეობს იდეური და პოლიტიკური რევოლუციის მსგავსი პროცესი. ახლა დასავლეთის მსგავსად ფიქრი, სამწუხარო სურათია, რადგან ახლა ის თავად იშლება ნაწილებად. აშშ-ში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ჯერ მცოცავი. წადით და თავად ნახეთ, რა ხდება“, – აღნიშნა რუსმა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასთან“, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებისა და სამოქალაქო მოძრაობის – „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით, მედიაფორუმის საქართველოში გამართვას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება. ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ ფინანსდება.
ცნობისათვის გუშინ, აღნიშნულ ფორუმზე დასასწრებად, ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, რუსეთის 3 მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები