მამუკა არეშიძე: სერგეი შამბა სასოწარკვეთილი პოლიტიკოსის პოზიციიდან არ საუბრობს

“შამბა გამოცდილი პოლიტიკოსია და იცის, რასაც ლაპარაკობს, ის ამას არ ამბობს სასოწარკვეთილი პოლიტიკოსის პოზიციიდან”, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მამუკა არეშიძე ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერმინისტრის, სერგეი შამბას ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მამუკა არეშიძემ აღნიშნა, შამბას გზავნილებს რამდენიმე მისამართი ჰქონდა.
„ერთი იყო მოსკოვი, პოლიტიკური ვაჭრობის საგანია ორიენტაცია, მეორე იყო შიდა საზოგადოება, გარდა ამისა, რასაკვირველია, დასავლეთი. შამბა დიდი ხანია, აფხაზეთის დეფაქტო პოლიტიკაშია, რეიტინგის თვალსაზრისით, ვერაფერს დაიკვეხნის ამ ბოლო დროს, ამიტომ გადაწყვიტა თამაშის ახალი წესების შემოტანა. ეს არ ნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებების გადახალისება მოხდა. ამას ამბობს შეფარულად შამბა: ისეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო დღევანდელმა მთავრობამ ქვეყანა, რომ მომავალში იძულებული გავხდებით, ან რუსეთთან მივიდეთ დაჩოქილი ან საქართველოსთანო. ეს გზავნილია, შიდა მოხმარების თვალსაზრისით. რა ტიპის გზავნილიც არ უნდა იყოს, ჩვენ ნებისმიერს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ, ვიმოქმედოთ. უბედურება ის არის, რომ ჩვენ არ ვმოქმედებთ“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
არეშიძე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, დაურ კოვეს განცხადებასაც გამოეხმაურა. კოვეს თქმით, „აფხაზეთის რესპუბლიკა თანასწორ და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგისთვის მზადაა.“
„აფხაზები ყოველთვის აყენებენ საკითხს ასე: სცანით ჩვენი დამოუკიდებლობა და მაშინ შევქმნათ პოლიტიკური დიალოგის ფორმატი. ჩვენთვის ეს მიუღებელია. სურვილი საქართველოში, რომ დიალოგი შედგეს, არის, მაგრამ ამ წინააღმდეგობის გამო, მუშაობა, პრაქტიკულად, შეწყდა, არანაირი აქტივობა არ მიმდინარეობს, ეს დამღუპველია. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ რუსულ რბილ ძალაზე, სხვის რბილ ძალაზე, მაგრამ მთავარს ვერ ვაკეთებთ, რატომ ჩვენ არ ვქმნით რბილი ძალის სისტემას? ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, შამბამ განაცხადა, რომ ურთიერთობების დალაგების დრო მოვიდა.
„მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. კი, ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, თუმცა ის დიდწილად, პოლიტიკური კონფლიქტი იყო”, – განაცხადა შამბამ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
აგვისტოს ბოლოს, შამბამ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები იმყოფებიან, რომლებმაც მართვა არ იციან.
„ვითარება თუ არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ“, – განაცხადა სერგეი შამბამ „ოპოზიციური ძალების ბლოკის“ შეკრებაზე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები