ანრი ოხანაშვილი: დევნის დაწყების უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია, ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ რომელიმე ორგანოს პოლიტიკური დავალება მივცეთ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო კომისიის სხდომის მსვლელობისას, უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს კითხვით მიმართა.
„პირველი, რაც ოთარ კახიძემ თქვა, ის იყო, რომ კომისიამ ვერ დაადგინა რეალურად, მ.კ-ს ეჭირა თუ არა ხელში დანა. ამაზე მეთანხმებით, ხომ? ანუ, კომისიამ ვერ დაადგინა, მ.კ-ს ეჭირა თუ არა ხელში დანა. ხომ საერთო პოზიციაა? ჩვენ ვიცით და კომისიას აქვს ინფორმაცია, დავეთანხმები ბატონ ოთარს, გამოიკვეთა გარკვეული ახალი გარემოება, მათ შორის, კომისიისთვის და ასევე, იცით , რომ გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმესთან დაკავშირებით. გამოყოფილია ცალკე საქმე, სადაც მუშავდება ბევრი ვერსია და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ეს ახლადგამოკვეთილი გარემოება ცნობილია. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს , რომ ეს გარემოება კომისიამაც დაადგინა და ეს გარემოება დადგენილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით, ჩვენ მიერ წარმოებული გამოკითხვებით, ვერ დავადგინეთ და არ დადგინდა, რომ მ.კ-ს ხელში ეჭირა დანა. მე მაინტერესებს პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მ.კ-ს მხრიდან ჯგუფურ დანაშაულს, ამ შემთხვევაში, მკვლელობის განზრახვას სხვასთან ერთად. ეს საკითხი რომ ჩავშალოთ, პირდაპირი მტკიცებულებები გვითხარით და ამის შემდგომ, შეგვიძლია, კიდევ დავსვათ საკითხი“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, დევნის კომპეტენცია საქართველოს პარლამენტის პრეროგატივა არ არის.
„გუშინ თქვენვე ახსენეთ, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება დევნის განხორციელების აქვს პროკურატურას. როდესაც საუბარია მკვლელობაზე და რეკომენდაციაში წერია, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით, დაიწყე დევნაო, ეს ავტომატურად მიანიშნებს იმაზე, რომ პარლამენტმა უნდა უკარნახოს ვინმეს, რომ შენ მე გავალებ, დაიჭირო ეს პირი. ამიტომ, დევნის დაწყების უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ და ვიტოვებ ამის მსჯელობის ნიადაგს, თქვენთან ერთად, რა სახით შეიძლება ამისი მოდიფიცირება და ჩამოყალიბება და ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ პოლიტიკური დავალება მივცეთ რომელიმე ორგანოს, რომ დააკავოს პირი, შემდგომ მოხდეს პირის დაკავება, შემდგომ მოხდეს სასამართლოში მისი გამართლება და შემდგომ შესაძლოა, საქმე აღმოჩნდეს სტრასბურგის სასამართლოში, რომ თურმე მტკიცებულებების გარეშე მოხდა პირის დაკავება და აქეთ შემობრუნდეს ეს საქმე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები