ეკა ბესელია: კომისიამ არ უნდა შექმნას ყალბი მოლოდინები, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი ტრავმა დაზარალებულებისთვის

„საგამოძიებო კომისიამ არ უნდა შექმნას ყალბი მოლოდინები, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი ტრავმა, როგორც დაზარალებულებისთვის, ისე ზოგადად, საზოგადოებისთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
“ჩვენც ვხედავთ გარკვეულ ხარვეზებს და არის პრობლემები, რომლებიც უფრო ფართო ჭრილში უნდა დავინახოთ. ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს ნაწილში. ისეთი ტიპის ქმედება, რომელიც საერთოდ შეცვლიდა სურათს და მკვლელობის მონაწილე სხვა პირებს დაასახელებდა, ასეთი გარემოება კომისიას არ მოუპოვებია. ის, რაზეც საუბრობენ ჩვენი ოპონენტები – ეს იქნება ე.წ. ტარი თუ ჯიბეში ხელის ჩაყოფა – ერთია, რომ არ შეიძლება პირის დამნაშავეობაზე საუბარი და მეორე – ეს შეფასებები არის მართლმსაჯულების საგანი”, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, მისი მანდატის ფარგლებში, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.
“კომისია არ უნდა გასცდეს იმ ფარგლებს, რომელიც დაარღვევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. კომისიამ არ უნდა შექმნას ყალბი მოლოდინები, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი ტრავმა, როგორც დაზარალებულებისთვის, ისე ზოგადად, საზოგადოებისთვის. ის რეკომენდაციები, რომელიც არის მომზადებული „ევროპული საქართველოს“ მიერ, არის პირდაპირი კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადაამეტო საკუთარ უფლებამოსილებას. შესაძლოა, დიდია ცდუნება, რომ ოპონენტებმა შექმნან ილუზია, თითქოს მათ აღმოაჩინეს ისეთი რამ, რაც ვერ აღმოაჩინა მკვლელის სახით, გამოძიებამ ან სასამართლომ. ეს არის უპირველესად, კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა. იცით, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა, მიმდინარეობს გამოძიება და მნიშვნელოვანია, კომისიამ მართლმსაჯულებას დაუტოვოს თავისი ფუნქცია”,- აღნიშნა ბესელიამ.
როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ“ მოზარდების მკვლელობის საქმეზე დასკვნის საკუთარი ვერსია მოამზადა, რომელსაც საგამოძიებო კომისიის წევრებს დღეს გააცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები