გელა სამხარაული ახმეტაში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის წევრი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერ იოსებ ქარუმაშვილთან ერთად, სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა და ახმეტის ღვინის ქარხანაში დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო. სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი – მატანი, ქისტაური და ახშანი დააზარალა.
გელა სამხარაულის განცხადებით, ამ ეტაპზე აუცილებელია მოსახლეობას სტიქიისგან გადარჩენილი მოსავლის ჩაბარების პრობლემა მოეხსნას. მისივე თქმით, სტიქიური მოვლენები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია აგრობიზნესში და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იფიქროს ამ რისკების თავიდან აცილებაზე დაზღვევის მექანიზმების გამოყენებით.
„აგროდაზღვევა არის ის ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა საშუალებას ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიო მოსავალი. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის დაზღვევას სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ით. დაზღვეული ფართობების ზრდა სადაზღვევო ტარიფებს უფრო შეამცირებს. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც, აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლებს მხოლოდ ის ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი კანონიერ მფლობელობაში აქვს. წლის ბოლომდე გავახანგრძლივეთ მიწის გამარტივებული რეგისტრაციის პროცედურაც. როგორც დროის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით ფერმერებისთვის მომგებიანი იქნება შესაბამის სამსახურს, რეგისტრაციის მოთხოვნით პირველ იანვრამდე მიმართონ. თუ კი გაქვს მეურნეობა უნდა გქონდეს თავდაცვის მექანიზმებიც, დაცული და კმაყოფილი ბიზნესი სახელმწიფოსთვისაც კარგი აქტივია”, – განაცხადა გელა სამხარაულმა.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის განმარტებით, ბოლო 4 წლის მანძილზე კახეთში ყველაზე დიდი მასშტაბის სეტყვის მარცვლები დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ სეტყვის შესამსუბუქებლად გასროლილმა რაკეტებმა ღრუბლის მასები მნიშვნელოვნად შეამცირა.

კომენტარები

კომენტარი