ლევან იზორია: ეს სწავლება ჩვენი ერთობლივი ღირსეული პარტნიორობის სიმბოლოა

„სწავლების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ეს სწავლება სწორედ ჩვენი ერთობლივი ღირსეული პარტნიორობის სიმბოლოა“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
„თუკი 2017 წელს სწავლებაში მონაწილეობა 2800-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, 2018 წელს მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. ასევე, გაზრდილია მონაწილე ქვეყნების რაოდენობა. წელს სწავლებაში 13 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლება დღეს ოფიციალურად გაიხსნა და 15 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები