სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მონიტორინგის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი – გიორგი გ. და ააიპ „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და “მეომართა ვაზიანის კავშირის“ ხელმძღვანელი – მიხეილ გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. და მიხეილ გ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის შვილს, ლ.ს-ს, ქ. თელავში, სამხედრო ქალაქის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი ფართის მუდმივ სარგებლობაში და შემდგომ საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 4000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

2018 წლის 27 ივნისს, მიხეილ გ-მ, გიორგი გ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სავაჭრო ცენტრ  “ლილო-მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნულ მოქალაქეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნახევარი – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 29 ივნისს – თანხის დარჩენილი ნაწილი – 2000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. იმავე დღეს, ბრალდებულის სახით, გიორგი გ-ც დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები